საქართველოს ეროვნული პლატფორმა – „ქართული ოცნება“ გავიდა საკონსტიტუციო ჩარჩოდან – მიუღებელია ნებისმიერი განცხადება თუ ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განაცხადების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე უარს აცხადებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. აღნიშნულის საფუძველზე, ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ გავიდა საკონსტიტუციო ჩარჩოდან და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ვგმობთ აღნიშნულ პოზიციას და ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი განცხადება თუ ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული პლატფორმა ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნულმა განცხადებამ საქართველოს მოქალაქეების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია და ისინი თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციით გამოვიდნენ. განსაკუთრებით მასშტაბური საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი იყო.
„სამწუხაროდ, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა კანონის დარღვევითა და გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალეს აქციის მონაწილეები, რა დროსაც დარღვეულ იქნა არაერთი კანონი თუ მარეგულირებელი აქტი, რომელთა დაცვაც თავად სამართალდამცავი სტრუქტურების პრეროგატივაა. სამართალდამცავები არაადამიანური მეთოდების გამოყენებით უსწორდებოდნენ და აკავებდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენდნენ მასმედიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ობიექტურად აშუქებდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილ სამართალდარღვევებს.
ამგვარმა ქმედებამ მოქალაქეების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია და დღეს, 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციამ დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაცილებით მასშტაბური ხასიათი შეიძინა.
ჩვენ ვგმობთ მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნის ევრო ინტეგრაციული პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით და მოუწოდებთ ძალოვან სტრუქტურებს, იმოქმედონ კანონმდებლობის ჩარჩოში.
საქართველოს ეროვნული პლატფორმა და მისი ორგანიზაციები ქართველ ხალხთან ერთად დაიცავს დემოკრატიულ ფასეულობებს და ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.