14-23 ივნისს, აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – შანხაის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი (SIFF) – იმართება, რომლის ფარგლებშიც 16-18 ივნისს ტარდება კინობაზრობა. ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პირველად წარდგა საქართველოს სტენდით, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, თანამედროვე ქართულ ფილმებს და პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს, როგორც კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.
ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციისთვის საქართველოს დელეგაციაში იმყოფებიან რეჟისორები და პროდიუსერები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კინობაზრობის ფარგლებში დაგეგმილ არაერთ შეხვედრაში, გაეცნობიან სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლებს და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე, ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ მიმართულებით მიმზიდველი ხდება ევროპისა და აზიის ქვეყნებისათვის, როგორც საინტერესო სივრცე ახალი კინოპროექტების წარმოებისა და დარგის განვითარებისათვის.
შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი (SIFF) არის უდიდესი კინოფესტივალი აზიაში. იგი ჩინეთის ყველაზე ხანგრძლივი საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც დაარსდა 1993 წლის ოქტომბერში და არის ერთადერთი ჩინური ფესტივალი, რომელიც აკრედიტებულია კინოპროდიუსერების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (FIAPF) მიერ. FIAPF-ი პასუხისმგებელია საერთაშორისო კინოფესტივალების, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალების წარმართვაზე.