საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 19 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.7 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზომიერი ზრდა მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის ზრდამ განაპირობა, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება კვლავ მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოსაა.
„მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ინფლაცია 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო იქნება.
ბოლო პერიოდში, შიდა და გარე გამოწვევების ფონზე გაურკვევლობამ მოიმატა, რაც ინფლაციურ რისკებს ზრდის. ამ ფონზე, გაცვლითი კურსის მაღალი მერყეობა იმპორტირებული ინფლაციიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს საყურადღებოს ხდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნავთობზე საერთაშორისო ფასები შემცირდა, თუმცა სურსათის ფასების საერთაშორისო ინდექსი ბოლო ორი თვეა იზრდება. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. შიდა ეკონომიკური აქტივობაც მოსალოდნელზე ძლიერია, რასაც გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს.
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა. თუკი დამატებითი რისკები არ რეალიზდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას დაუბრუნდება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 ივლისს ჩატარდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.