საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში – დამერწმუნეთ, დავით გარეჯის საკითხი აუცილებლად გადაწყდება იმგვარად, როგორც ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შეეფერება

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებში არსებობს პოზიტიური შედეგი, რომელსაც ახლა ვერ გააჟღერებს. როგორც დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება ისე, როგორც ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შეეფერება.
„დავით გარეჯთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი. იცით, რომ ამასთან დაკავშირებით კომისიები მუშაობს. ჩატარდა სხდომა პანდემიამდე. ეს მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება და დამერწმუნეთ, ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება იმგვარად, როგორც ორ მეგობარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შეეფერება. აუცილებლად იქნება შედეგი. გვაქვს პოზიტიური შედეგი, რომელსაც ახლა ვერ გავაჟღერებ. დღეს ისევე, როგორც არასდროს ისეთი მაღალი დონის დიალოგი არის ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ჭრილში. დღეს ჩვენი ქვეყნის ლიდერებს შორის არსებობს ძალიან კარგი კომუნიკაცია. მომსწრე ხართ შარშან, შარშანწინ, როდესაც პრეზიდენტი ალიევი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში წელს 2-ჯერ იმყოფებოდა. დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის სამთავრობათაშორისო კომისიის ჩატარება ქალაქ ბაქოში გაზაფხულზე. ვფიქრობ, ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება საშუალება, რომ კონკრეტული შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა ელჩმა.
დიპლომატის განმარტებით, დღეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 3 ქვეყნის ელჩს მოუსმინეს და ფართოდ განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
„დღეს არაერთგზის ნახსენები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ს სამშვიდობო ინიციატივა,ზუსტად ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება მუშაობა. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი ძალიან საინტერესო იქნება, ვინაიდან 3 ქვეყნის სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი, მათ შორის პრემიერ-მინისტრების ჩართულობით გაგრძელდება მედიაცია, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი გუნდის მხარდაჭერით შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. დღეს მოგვეცა საშუალება საგარეო კომიტეტში შევკრებილიყავით და ფაქტობრივად, რეგიონულ ჭრილში განგვეხილა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. 3 ქვეყანაში ჩვენი წარმომადგენელი, როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში, ასევე თურქეთში ვესწრებოდით დღევანდელ სხდომას. შესაბამისად, განხილულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებიც იყო განხილული და რა თქმა უნდა, კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობა. ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. დღეს მოგვეცა საშუალება პარლამენტარებისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი ხედვები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს პრაქტიკა ძალიან სასარგებლოა და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ფორმატში მუშაობას“,-განაცხადა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს – ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც, ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის სინამდვილეს, აღქმების დრო დასრულდა