საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში 1,9 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია გვაქვს მობილიზებული – ოლივერ ვარჰეი

საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში 1,9 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია გვაქვს მობილიზებული, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია კმაყოფილი ვიყოთ, რომ უკვე 1,9 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია გვაქვს მობილიზებული. ამ თანხების დაბანდება ისეთ სექტორებში მოხდება, როგორიც ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფინანსებზე წვდომა, მცირე და საშუალო ბიზნესი, გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები და განვითარებაა. ეს ის ინვესტიციებია, რომლებიც სამუშაო ადგილების რაოდენობას უკვე ზრდის და ადგილზე ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. ვფიქრობ, რომ ამ გეგმას კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს დარჩენილი და შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო სწრაფად გამოვიყენებთ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
ამასთან, ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ შავი ზღვის ელექტროენერგიისა და ინტერნეტის ფართოზოლოვანი საკაბელო პროექტი ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე ხელშესახებ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს.
„ეს ის მასშტაბური პროექტია, რომელიც სხვა პარტნიორებისთვის მაგალითი იქნება, არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორების, არამედ სხვა რეგიონების ქვეყნებისთვისაც. ეს მოდელი, რომლის შექმნაც ჩვენ იმისთვის შევძელით, რომ ევროპაში მწვანე ენერგია შემოვიტანოთ, საქართველოს კი ფართოზოლოვან მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომა ჰქონდეს და ადგილზე ციფრული ეკონომიკა შევქმნათ, ჩვენი ყველა პარტნიორისთვის მაგალითს წარმოადგენს“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.
ვარჰეის თქმით, შეხვედრაზე სატრანსპორტო კავშირებიც განიხილა, სადაც საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ამისთვის, საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის განახლებაა საჭირო.