საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, ბოლო ოთხ წელში წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ – კობახიძე
საქართველო შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადგილი ჩინური კომპანიებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა შესთავაზოს მათ საუკეთესო შესაძლებლობები ინვესტიციებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში განაცხადა.
კობახიძის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინსვლის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებით, საქართველოს შეუძლია კიდევ უფრო გააღრმაოს სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან.
„2018 წელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ არსებითად წინ წავწიეთ სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან და ციფრები შთამბეჭდავია, ზრდა არის მართლაც თვალსაჩინო. რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინსვლის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებით, ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმაოთ სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან. ჩვენ გვსურს ჩინეთში ექსპორტის მოცულობის გაზრდა. საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი. საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო, ხოლო წელს, თუ პირველ სამ კვარტალს ავიღებთ, 7.7%-ია. ასე რომ, ჩვენ სწრაფად ვვითარდებით და ამ სწრაფი განვითარებით, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ. არსებობს მრავალი განსხვავებული სფერო, სადაც საქართველოში ინვესტიციები შეიძლება საინტერესო იყოს ჩინელი პარტნიორებისთვის. მაგალითად, ენერგეტიკის სექტორი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ტურიზმი და მასპინძლობა. საქართველო ეკონომიკურ აქტორებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს. ჩვენ ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი გადასახადები, ძალიან მარტივი საგადასახადო სისტემა, ნაკლები ბიუროკრატია საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის. საქართველო ასევე ძალიან მაღალ პოზიციებზეა სხვადასხვა ინდექსში ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველო შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადგილი ჩინური კომპანიებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა შესთავაზოს მათ საუკეთესო შესაძლებლობები ინვესტიციებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.




