,,საქართველოს ეკონომიკა დიდწილად მოხმარების ხარჯზე იზრდება”- ნიკოლოზ შურღაია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა ოფიციალური მონაცემებით 7%-ით იზრდება, ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია მიიჩნევს, რომ ზრდის სტრუქტურა არამდგრადია – ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ისევ მოხმარებაა.
შურღაიას თქმით, საბინაო მშენებლობა, რომელიც ინვესტიციის კატეგორიაში შედის, რეალურად უფრო მოხმარების ნაწილია და ქვეყნის პროდუქტიულობას ნაკლებად ზრდის.
,,საუბარია ეკონომიკის 7%-იან ზრდაზე და ეს რომ რეალობა იყოს, ცუდი არ იქნებოდა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რა არის ამ ზრდის სტრუქტურა – თუ ეს არის ზრდა მოხმარების ხარჯზე, დიდწილად არამდგრადი შეიძლება იყოს. საქართველოს ეკონომიკა კი დიდწილად მოხმარების ხარჯზე იზრდებოდა. თუნდაც ბინების მშენებლობა ინვესტირების ნაწილში ითვლება, მაგრამ რეალურად, მოხმარებაა იმიტომ, რომ თუ ადამიანები ყიდულობენ მეორე და მესამე ბინას, რომელთაც ფიქრობენ, რომ გააქირავებენ, ეს შეიძლება იყოს ინვესტირება, მაგრამ თუ თავის ბინას აუმჯობესებენ, ეს უფრო მოხმარებისკენაა. დეფინიციას რომ თავი დავანებოთ, მშენებლობას ძალიან დიდი წვლილი შეჰქონდა ეკონომიკაში და ამავე დროს, ეს ნაკლებს მატებს საქართველოს ეკონომიკის პროდუქტიულობას, საუბარია საბინაო მშენებლობაზე”,- აღნიშნა ფინანსისტმა რადიო ,,კომერსანტის” ეთერში.