„საქართველოს ეკონომიკას ინკლუზიურობის ძალიან დიდი პრობლემა აქვს“ – რამაზ გერლიანი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის თანახმად, ივნისში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 14.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8.7%-ით მეტია.
ეკონომისტ რამაზ გერლიანის შეფასებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მონაცემები, მიუხედავად იმისა, რომ დადებით ტენდენციას ინარჩუნებს, საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ვერ აისახება.
გერლიანის თქმით, საქართველოს ეკონომიკა ინკლუზიური არ არის და მისი ზრდის ძირითადი მამოძრავებელი დარგები, როგორიცაა საბანკო სექტორი და უცხოური ტრანზაქციები, რეალურ დოვლათს ვერ ქმნის.
„საქართველოს ეკონომიკას ინკლუზიურობის ძალიან დიდი პრობლემა აქვს, რადგან საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არათუ პირდაპირპროპორციულად, არამედ რაღაც დოზითაც კი ვერ აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
არაინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია რამდენიმე დარგის თავკომბალა ქცევის ხარჯზე; მათ შორის უცხოური ტრანზაქციების და საბანკო მოგების ზრდის ხარჯზე, რომელიც კლასიკურად როგორც მიღებულია უნდა ჩაითვალოს ეკონომიკურ ზრდად, მაგრამ სინამდვილეში ის ეკონომიკურ ზრდას, როგორც ამბობენ, საქონელს და მომსახურებას არ ზრდის. შეიძლება პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდოს, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ეს რეალურ კეთილდღეობაში ვერ კონვერტირდება.
ჩვენ საკმაოდ მაღალი პროცენტი გვაქვს საბანკო სექტორის წილის ზრდის ეკონომიკასთან მიმართებით, შესაბამისად რაც უფრო მეტი იქნება ასეთი სექტორების წილი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებით, მით უფრო რთული იქნება მაღალი ან თუნდაც საშუალო ეკონომიკური ზრდის გადატანა მოქალაქეების კეთილდღეობაზე“,- აღნიშნა რამაზ გერლიანმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „პროფესიონალებში“.