საქართველოს ეკონომიკამ თავისი მდგრადობა პანდემიის დროს დაამტკიცა, მაგრამ ქვეყანა კიდევ უფრო მეტის მიღწევას გეგმავს – IFC-ის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეკონომიკამ თავისი მდგრადობა პანდემიის დროს დაამტკიცა, მაგრამ ქვეყანა კიდევ უფრო მეტის მიღწევას გეგმავს – IFC-ის ვიცე-პრეზიდენტი
ახალმა კვლევამ საქართველოში კერძო სექტორის ზრდის მეშვეობით ეკონომიკის განვითარებისთვის მთავარი სექტორები გამოავლინა. კვლევის მიხედვით, ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა საქართველოს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღებაში დაეხმარება და ელექტრონული კომერცია და ფინტექი (Fintech) ყველაზე პერსპექტიული ქვესექტორებია.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, განახლებადი ენერგიის უდიდესი პოტენციალის გამოყენება, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურის განვითარება და ციფრული ბიზნესების მხარდაჭერა ხელს შეუწყობს საქართველოს პროდუქტიულობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ეს კვლევა საქართველოს კერძო სექტორის პირველი დიაგნოსტიკური კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს შესაძლებლობები და სირთულეები კერძო სექტორის ზრდის დასაჩქარებლად.
დადებითი ტენდენციების მიუხედავად, სახეზეა რიგი სტრუქტურული გამოწვევები, მათ შორისაა, პროდუქტიულობის ზრდასთან და მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით. მართალია, ქვეყანაში ხელსაყრელი სამეწარმეო გარემოა შექმნილი, მაგრამ ციფრული სერვისების შედარებით დაბალი განვითარება ბიზნესში ინოვაციური მიდგომების ფართო დანერგვას აფერხებს. კვლევა განსაზღვრავს იმ ძირითად დარგებს, რომლებსაც კერძო სექტორის განვითარების დაჩქარების პოტენციალი აქვს. კვლევაში ასევე თავმოყრილია აღნიშნული პოტენციალის ასათვისებლად საჭირო რეკომენდაციები.
„საქართველოს ეკონომიკამ თავისი მდგრადობა პანდემიის დროს დაამტკიცა, მაგრამ ქვეყანა კიდევ უფრო მეტის მიღწევას გეგმავს. რეფორმებს ძირითად სექტორებში შეუძლია საქართველოს ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის რეალიზაციაში, გლობალური ღირებულების ჯაჭვში მონაწილეობის ზრდაში და პროდუქტიულობის ამაღლებაში. კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა უმნიშვნელოვანესი იქნება და IFC მზადაა მხარი დაუჭიროს ქვეყანას ამ მიმართულებით,” – აღნიშნა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ალფონსო გარსია მორამ.
„საქართველოს აქვს პოტენციალი კიდევ უფრო გააფართოვოს კერძო სექტორის განვითარების პროცესი. როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, ამის მიღწევა შესაძლებელია კანონებისა და რეგულაციების აღსრულებისა და პროგნოზირებადობის ამაღლებით, ასევე, კავშირებისა და ლოგისტიკის, ციფრული ტრანსფორმაციისა და მწვანე ინვესტიციების, როგორც ეკონომიკური ზრდის კატალიზატორების მხარდაჭერით,” – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.