“საქართველოს ევროპული ხმა” | ბრიუსელში ღონისძიება გაიმართა

“საქართველოს ევროპული ორბიტა” და Promote Georgia ს ორგანიზებით ბრიუსელში საჯარო ღონისძიება, “საქართველოს ევროპული ხმა” ჩატარდა. ღონისძიების მიზანი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა ევროკავშირის ქვეყნებში.
ღონისძიებაში, რომლის მასპინძელიც “საქართველოს ევროპული ორბიტის აღმასრულებელი დირექტორი” ნინო ლომჯარია და Promote Georgia-ს დამფუძნებელი კრისტინა პიტალსკაია იყვნენ, გამოჩენილი ქართველი ხელოვანები, კულტურისა და ფართო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა. მან მადლობა გადაუხადა ლომჯარიას გამართული საღამოსთვის და იმ მტკიცე ნებისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დაცვისთვის საკითხებში გამოავლინა. ევროდეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხის სურვილი, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები აუცილებლად შესრულდება.
საღამოს კულმინაციურ ნაწილში “საქართველოს ევროპული ორბიტის” მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში ჩაწერილი ქართველი ხალხის გზავნილები სიმბოლურად გადაეცა ევროკავშირის ინსტიტუტებს წიგნის სახით.