,,საქართველოს დერეფნით მოსარგებლე სატვირთო ავტომობილების შემცირება გაჭიანურებულმა საბაჟო პროცედურებმა გამოიწვია” – პაატა ცაგარეიშვილი

საქართველოს მიერ გატარებული ტრაილერების რაოდენობა მცირდება. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს დერეფანი 237 287-მა სატვირთო ავტომობილმა გადაკვეთა, რაც წინა წლის 6 თვესთან შედარებით 12 097 ტრაილერით ნაკლებია. ბიუჯეტში გზით სარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2025 წლის 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.2 მლნ ლარით (5%-ით) შემცირდა. წელს იანვარ-ივნისში გზით სარგებლობით ბიუჯეტში მიღებულმა შემოსავლებმა 83 050 696 ლარი შეადგინა. 2024 წლის 6 თვეში კი 87 284 688 ლარი იყო.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს დერეფნით მოსარგებლე სატვირთო ავტომობილების შემცირება გაჭიანურებულმა საბაჟო პროცედურებმა გამოიწვია. მისივე თქმით, ს მიმართულებით რიგებია, ქართველი მებაჟეები არაეფექტურად მუშაობენ, რის გამოც გადამზიდავებმა მარშრუტი შეიცვალეს. საკითხზე „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი „ბიზნესპრესნიუსს“ ესაუბრა.
„ზოგადად, კონკრეტული დასკვნის გაკეთება მოკლევადიანი ტრენდის მიხედვით, არ იქნება სწორი. ამისთვის უნდა შევხედოთ ცოტა გრძელვადიან პერიოდს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ კვლევა 10-წლიანი დაკვირვების საფუძველზე, სადაც ნათლად გამოჩნდა, თუ რა ხდება ამ ტრაილერების გატარებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დაგვეფიქსირებინა პროცესი, რომ 2022 წელს, ში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რა ნაკადი გადმოერთო საქართველოს სატრანზიტო საავტომობილო დერეფანზე. კვლევის ფარგლებში გამოჩნდა, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ტვირთნაკადი 40%-ით გაიზარდა საქართველოს სატრანზიტო დერეფნებზე (როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო). აქედან, 30%-ით გაიზარდა რკინიგზით, საავტომობილო 50%-ით. ამით გამოჩნდა ისიც, რომ საავტომობილო გადამზიდავებმა უფრო მარტივად მოახდენს საქართველოს მიმართულებით გადმორთვა. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ეს ზრდის ტენდენცია 2023-2024 წლებშიც გაგრძელდებოდა. ბუნებრივია, ისევ 40%-იანი ზრდა არ იქნებოდა, მაგრამ 8-10%-ის ფარგლებში ვპროგნოზირებდით. თუმცა, ასე არ მოხდა. 2023 წელს 3-4%-ით გაიზარდა მხოლოდ, 2024-ში შემცირდა 4-5%-ით და 2025 წლის 6 თვეში კიდევ შემცირდა 5%-ით.“- განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთის მიმართულებით გადამზიდავებმა მარშრუტი შეიცვალეს. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი რუსეთის მხარეს არსებული დიდი რიგებია, რის გამოც მანქანები 10-დღიანი დაყოვნებით გადიან.
,,მათ ხშირად სამაცივრე ტვირთები გადააქვთ და თუნდა 2-3-დღიანი დაყოვნება დიდ ფინანსურ დანაკარგებს უკავშირდება. ტვირთი რომ გაუფუჭდეთ, ეს უფრო რთული პროცესია. ამიტომ, როდესაც ხედავენ, რომ დიდი რიგებია, იწყებენ სხვა მიმართულებით მოძრაობას. კერძოდ, აზერბაიჯანის, ანუ რუსეთს გადააჭრიან და ცენტრალურ აზიაში მიდიან, თუ მაგალითად, გადაზიდვა არის რუსეთიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით, რუსეთიდან აზერბაიჯანში, ან ჩინეთის მიმართულებით. რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით კი, ისეთი შემთხვევებიც ვიცი, როდესაც აზერბაიჯანში ჩაუხვია და წითელი ხიდიდან შემოსულა. წრე დაურტყამს, მაგრამ ამით 6-8 დღე მოიგო. როდესაც ამის მიზეზი მძღოლებს ვკითხე, მიპასუხეს, რომ თუ ადრე საქართველოს მხარე ძალიან სწრაფად მუშაობდა, დღეს ძალიან ნელი ტემპით მუშაობენ მებაჟეები, შესაბამისად, დიდი დროს ანდომებენ ტვირთების გატარებასო. ასეთი დაბრკოლება, 10-12-დღიანი, მიუღებელია და ვამჯობინეთ შემოვუაროთ. შესაბამისად, ძირითადი კლება განპირობებულია საბაჟო პროცედურებით და ეს ხდება რუსეთის საზღვართან მიმართებით. იმიტომ, რომ მთლიან სატრანზიტო მოძრაობაში რუსეთის საზღვართან არის ნაკადის დაახლოებით, 40%. ისიც გვითხრეს, რომ რუსეთის მხარეს დამატებით გვაჩერებენ, თანხების გამოძალვასაც აქვს ადგილიო. შემდეგ საქართველოს მხარეს რომ გადმოვდივართ, აქაც გვაჩერებენ და 2-3 დღე გვაყოვნებენო. საერთო ჯამში, სწორედ ამ გაჭიანურებულმა საბაჟო პროცედურებმა გამოიწვია ეს შედეგი“,- ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მხარეს შეუძლია არსებული ვითარების შეცვლა, თუმცა ამისთვის სიღრმისეული კვლევაა ჩასატარებელი.
„იმის შესაძლებლობა არსებობს, რომ ვითარება გამოსწორდეს, რადგან საქართველოს მხარეზეც არის ეს დამოკიდებული. თუმცა, უფრო კონკრეტულ და სიღრმისეულ მიზეზებამდე რომ ჩავიდეთ, აუცილებელია დეტალური კვლევა. ჩვენ არა გვაქვს იმის რესურსი, რომ ყველა მძღოლი გამოვკითხოთ ინტერვიუზე. ამისთვის ჯერ დეტალური კვლევაა საჭირო და შემდეგ რაღაც ზომების მიღება. მე ვფიქრობ, შესაბამისი ორგანიზაცია უნდა არსებობდეს და როდესაც ტვირთები იკარგება, ან მსგავსი ტენდენცია იკვეთება, ეს პროცესი ასახოს და მიიტანოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე“, – აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.