საქართველოს დაზღვევის სისტემაში ამ ზომის გარიგება ჯერ არ ყოფილა – „არდის” გენდირექტორი

საქართველოს დაზღვევის სისტემაში ამ ზომის გარიგება ჯერ არ ყოფილა, – ასე აფასებს სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე, კომპანიის განვითარების მეოთხე ეტაპზე გადასვლას და მისი გაყოფის შემდეგ „არდი დაზღვევის“ „საქართველოს კაპიტალის“ მიერ მართვასა და ინვესტირების დაწყებას.
სადაზღვევო კომპანია „არდის“ ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალი საფეხურზე გადასვლის შესახებ და მულტიპროფილური რისკების მზღვეველი კომპანია სს „არდი დაზღვევა“ საქართველოს ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანია – სს საქართველოს კაპიტალის მიერ ინვესტირების დაწყების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. როგორც „არდის“ გენერალურმა დირექტორმა BM.GE-ს განუცხადა, „საქართველოს კაპიტალმა“ კომპანიის გაყოფის შედეგად ბიზნესის 97-98%-იანი წილი შეიძინა, რომელიც ბაზარზე „არდი დაზღვევის“ სახელით გააგრძელებს ოპერირებას. გარიგების ღირებულება კი 30 მლნ ლარამდეა.
„არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე „საქმიან დილაში“ სტუმრობისას კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან ამ გადაწყვეტილებამდე მისვლის მიზეზებს განმარტავს და მისი მნიშვნელობაზე საუბრობს. ჯაფარიძის თქმით, „საქართველოს კაპიტალის“ მიერ კომპანიაში ინვესტირების დაწყება, „არდი დაზღვევას“ განვითარებას დააჩქარებს.
„საქართველოში ამხელა გარიგება დაზღვევის სექტორში, ჯერჯერობით არ ყოფილა. წლის დასაწყისისთვის ერთ-ერთი მსხვილი გარიგებაა, რისთვისაც ძალიან ბევრს ვშრომობდით როგორც პარტნიორები, ასევე მენეჯმენტი და ინვესტორი. ეს გზა 12 იანვარს დასრულდა, როდესაც ჩვენ ხელშეკრულება ოფიციალურად გავაფორმეთ.
„არდის“ განვითარება ეტაპებად რომ დავყოთ, დაახლოებით 3 ეტაპი უკვე გავიარეთ და ახლა მეოთხე იწყება. „არდის“ პირველი ფაზა 2010 წელს დაიწყო, როდესაც კომპანია დაფუძნდა; 2-3 წლის შემდეგ კომპანიის უეცარი აფეთქება მოხდა, როდესაც მე-12, მე-13 ადგილიდან უცებ სადაზღვევო კომპანიების ხუთეულში გადაინაცვლა და იმის შემდეგ ხუთეულიდან არ გამოსულა; შემდეგ იყო კოვიდის პერიოდი, როდესაც პანდემიამ ბევრი ბიზნესი დასტრესა და დაანახა, რა მიმართულებით და როგორ ვითარდებოდა. ამ პერიოდმა ჩვენც დაგვანახა, რომ შემდგომი სუნთქვა გვჭირდებოდა. დავიწყეთ ჩვენი საქმიანობის შეფასება – რას სწორად ვაკეთებდით და რას არასწორად. შესაბამისად „არდი“ ეს სამი წელი ფიქრობდა – რა არის შემდეგი საფეხური?
„არდისთვის“ თავისი წარმატება გარკვეულწილად გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან კომპანია იმდენად სწრაფად ვითარდებოდა, რომ ინფრასტრუქტურა „არდის“ განვითარებას ვერ ეწეოდა. შესაბამისად, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრები დავსხედით და ვიმსჯელეთ, ვნახეთ, რომ კომპანიას ახალი ინფრასტრუქტურა ესაჭიროებოდა, მაგალითად რომ შევადაროთ კარგ გუნდს, რომელსაც განვითარების კარგი პოტენციალი აქვს, კარგი მაჩვენებლების განვითარება შეუძლია და სჭირდება კარგი სტადიონი, კარგი განრიგი და კარგი ნუტრიციოლოგი, რათა უფრო სწრაფად ირბინოს და კარგი შედეგები დადოს. მენეჯმენტში აქციონერების გადაწყვეტილება ასეთი იყო, რომ კომპანიას ეს სიახლე სჭირდებოდა. „არდის“ ოპერირებაში ახალი -მეოთხე ეტაპი იწყება, როდესაც უფრო მნიშვნელოვანი რესურსებით, სწორ საფუძველზე თავიდან გააკეთოს ბიზნესის აქსელერაცია. გვინდოდა უფრო სწრაფი ზრდა, მაგრამ ვეღარ ვიზრდებოდით, უფრო ფრთხილები და კონსერვატიულები ვიყავით, რადგან რესურსები გვქონდა მწირი და სადაზღვევო ბაზარი კი მაღალმარჟიანი არ არის. ამ დროს განვითარების შანსი არსებობს, მომენტუმი გვაქვს, მაგრამ ვერ ეწევი განვითარებას. ამ მომენტუმის დაკარგვა არც ინვესტორებს უნდოდათ, არც კონკურენციის მხრივ იქნებოდა კარგი, ამიტომ ეს გადაწყვეტილება კარგი იყო. ვფიქრობ, იმ რესურსების ფონზე, რომელიც ახლა კომპანიაში იქნება მობილიზებული და გარიგება თავისთავად ამბობს იმას – რა დონეზე სჯერა საქართველოს კაპიტალს – ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას „არდის“, მისი ხალხის და იმ ეკოსისტემის, რაც არდის აქვს, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად განვითარდება.
„არდი დაზღვევას“ ყველა სადაზღვევო პაკეტი ექნება, რაც შეიძლება სადაზღვევო კომპანიას ჰქონდეს. მეორე – „არდი P&C“ ნიშური კომპანია იქნება ნიშური კომპანია. ერთი კომპანიის განაყოფში ანუ არდი დაზღვევაში სადაც ბიზნესის 97-98%-ის მიგრაცია ხდება, „საქართველოს კაპიტალი“ სრულად იქნება წარმოდგენილი, როგორც ინვესტორი“, – აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.
კომპანიის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ „საქართველოს კაპიტალის“ მიერ ინვესტირებული ფინანსური რესურსის და კორპორაციული ცოდნის, „არდის“ რესურსებთან სინთეზი კარგ სინერგიას შექმნის.
„განვითარების კუთხით ველით, რომ სადაზღვევო კომპანიისთვის ლიკვიდურობა მნიშვნელოვანია, რათა ფინანსური მდგრადობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს; მეორე, რაც ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, კორპორაციული მმართველობის ნაწილში ის ცოდნაა, რომელსაც ეს ჯგუფი მოიტანს, რადგან „არდის“ ჰქონდა თავისი მნიშვნელოვანი ეკოსისტემა, ნიშა. ვფიქრობთ, „არდის“ ჰუმანისტური ნაწილისა და კაპიტალისტური ნაწილის სინთეზი, კარგ სინერგიას მოგვცემს, რაც ჩვენს წარმადობას ჩვენი დაზღვეულებისთვის და ეკონომიკისთვის როგორც შემოსავალში, უკეთეს სერვისებში, უკეთესს პროდუქტიულობაში გააუმჯობესებს“, – აღნიშნავს „არდის“ გენერალური დირექტორი.