„ჩვენს გზებზე დაღუპულთა მაჩვენებელი კატასტროფულად მაღალია და ის საშუალო ევროპულ მონაცემებს 4-ჯერ აღემატება. მეორე მხრივ, 2022 წლიდან ეს რიცხვი 400-500-ის ფარგლებში გაიყინა. შედარება რომ გავაკეთოთ, ახლანდელი ავტოპარკი 1 800 000-ია, 2008-ში კი, როცა ავტოპარკი ამის ნახევარს შეადგენდა, დაღუპულთა რაოდენობა 867 გახლდათ“, – ტექინსპექტირების რეფორმის შესახებ საუბრისას, ეს განცხადება რადიოგადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა გააკეთა.
მესხიშვილის თქმით, საქართველოში კონკრეტულად იმ მიმართულებით, თუ ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილთა რამდენპროცენტიანი წილია ავტოსაგზაო შემთხვევათა ჯამურ რაოდენობაში, კვლევები ვერ ტარდება, თუმცა გაეროს ეკონომიკური კომისიის მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში ეს რიცხვი 25-30%-ის ფარგლებშია.
„შესაბამის მონაცემთა არარსებობის გამო, ჩვენთან კონკრეტულად იმის დადგენა, თუ რამდენპროცენტიანი წილი აქვთ ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებს საერთო ავტოსაგზაო შემთხვევებში, ვერ ხერხდება, მაგრამ გვაქვს გაეროს ეკონომიკური კომისიის მონაცემები, რომლის თანახმადაც, განვითარებად ქვეყნებში მომხდარი ავტოავარიების 25-30% ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებზე მოდის. ეს პროცენტულობა საქართველოზე რომ გადმოვიტანოთ, წლიურად დაახლოებით 150 დაღუპულ ადამიანს ვიღებთ.
რომ არა ტექინსპექტირება, ავტოსაგზაო შემთხვევები და მათით გამოწვეული მსხვერპლი უფრო მეტი იქნებოდა და, როგორც ხედავთ, ეს მხოლოდ სიტყვები არაა და კონკრეტულ რიცხვებამდე დაიყვანება“, – აღნიშნა „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო 2018 წლის 1-ლი იანვრიდან გახდა.
წყარო: bpn.ge
