საქართველოს გზა ევროკავშირისკენ – დეოლიგარქიზაციის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც გააცნო

მმართველი პარტიის თავმჯდომარე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე საუბრობს, რომელიც ოფიციალურად დღეს გასაჯაროვდა. კორუფციის პრევენცია, საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობა, კონკურენციის პოლიტიკა, მართლმსაჯულება, ფულის გათეთრებისა წინააღმდეგ ბრძოლა, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგი, მედია პლურალიზმის და მედია მფლობელობის გამჭვირვალობის გაძლიერება – დოკუმენტი ამ 7 მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებს ეხება.
პარტიების დაფინანსებაა ის თემა , რომელზეც ოპოზიცია ამბობს, რომ შეზღუდვა დეოლიგარქიზაციის საკითხს ვერ გადაჭრის. დოკუმენტის მიხედვით – იკრძალება იურიდიული პირების საარჩევნო შემოწირულობა, ხარჯების ზედა ზღვარი უფრო მცირდება, შემოდის პარტიებისთვის ხარჯების გამოქვეყნების ვალდებულება.
სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტში პარტნიორების მთავარი მოთხოვნა პერსონიფიცირებულის ნაცვლად სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებაა და ამის საფუძველზე შემუშავდა სამოქმედო გეგმა. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ თითოეული საკითხი დოკუმენტში ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩაიწერა, მათ შორის პარტიების დაფინანსების მონიტორინგიც.
დეოლიგარქიზაციის გარდა საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს დღეს 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც გააცნო. დისკუსია გაიმართა სასამართლოს სისტემის რეფორმასა და საარჩევნო პროცესზე, ასევე დეპოლარიზაციაზე.
მმართველი პარტიის შეფასებით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრები პროდუქტიულია ინკლუზიურობის მიმართულებით, რაც ევროკომისიის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი პრიორიტეტია.
პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის რიგით მესამე ერთობლივი კონფერენცია პირველია ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ. საქართველოს გზა ევროკავშირისკენ – კონფერენცია 12 რეკომენდაციის ნაცვლად ახლა უკვე 9 პრიორიტეტზე იმუშავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი