საქართველოს გაზრდილი სავაჭრო პარამეტრები რეექსპორტს უკავშირდება – Gnomon Wise

კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა რეექსპორტს უკავშირდება.
კვლევის თანახმად, ბოლო პერიოდში საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გაზრდილია. ვაჭრობის გაფართოება განსაკუთრებით ექსპორტის ნაწილში ჩანს. გაზრდილი სავაჭრო პარამეტრები კი რეექსპორტს უკავშირდება – სხვა ქვეყნებს შორის საქართველოს შუამავლობით განხორციელებულ ვაჭრობას.
2022 წელს საქართველოდან რეექსპორტი 69.6%-ით გაიზარდა. მომდევნო წელს ზრდის მაჩვენებელი 74.5%-ს შეადგენდა. ამასთან, 2023 წელს ადგილობრივი ექსპორტი 24.4%-ით შემცირდა.
გრაფიკი 1: საქართველოდან საქონლის ექსპორტი (მლრდ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ადგილობრივი ექსპორტის ღირებულების კლება მეტად თვალსაჩინოდ გამოვლინდა ევროკავშირთან ვაჭრობაში. ამ პერიოდში, საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქონლის ექსპორტი 22.3%-ით შემცირდა. შედარებისთვის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან ვაჭრობაში კლება მხოლოდ 3.1% იყო.
გრაფიკი 2: საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მეტიც, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, რუსეთში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი 2.8%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 541.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.4%-ია. ამ ფონზე, ადგილობრივი საქონლის ძირითადი საექსპორტო დანიშნულება ისევ ს ბაზარი გახდა.
ექსპორტში, 12.3%-იანი წილით, მეორე ადგილს თურქეთი იკავებს, სადაც გასულ წელს 343.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, რაც, წინა წელთან შედარებით, 12.7%-ით ნაკლებია.
საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში ჩინურმა ბაზარმა, პანდემიის პერიოდიდან მოპოვებული პოზიცია, 2023 წელს დაკარგა. გასულ წელს ჩინეთში ექსპორტი 694.7 მლნ დოლარიდან 270 მილიონ დოლარამდე შემცირდა (ადგილობრივ ექსპორტში 9.7%).
ექსპორტის სტრუქტურა
საქართველოდან ძირითადი ადგილობრივი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. 2022 წელს ექსპორტზე გავიდა 437.8 ათასი ტონა მადანი, რომლის ღირებულებამ 1 024.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ გასულ წელს ექსპორტი განახევრდა. 2023 წელს სპილენძის მადნების ექსპორტის ოდენობამ 232 ათასი ტონა შეადგინა, რაც, საექსპორტო ფასის შემცირების პირობებში, 474.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო.
სპილენძის მადნების საექსპორტო ბაზარია სულ სამი ქვეყანა: ბულგარეთი, ჩინეთი და ესპანეთი. გასულ წელს ექსპორტის კლება უკავშირდება სწორედ ჩინეთის ბაზარს, სადაც სპილენძის მადნების ექსპორტის მოცულობა 251.6 ათასი ტონიდან 97.7 ტონამდე შემცირდა.
ასეთივე კლებაა ფეროშენადნობების ექსპორტშიც. 2023 წელს 157.2 ათასი ტონა ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 71.5 ათასი ტონით ჩამორჩება. ამ პერიოდში ექსპორტირებული ფეროშენადნობების ღირებულება 60.1%-ით შემცირებულია.
განსხვავებული სურათია რიგით მეორე საექსპორტო საქონლის შემთხვევაში. 2023 წელს საქართველოდან „ექსპორტზე 89.4 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 12.2 მლნ ლიტრით ჩამორჩება. თუმცა, საშუალო საექსპორტო ფასის მატების გამო, ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება გაზრდილია. გასულ წელს საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტმა 257.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ადგილობრივი ექსპორტის 9.2%-ია.
ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც 2023 წელს მთლიანი ღვინის ექსპორტის 69.6% ანუ 62.3 მლნ ლიტრი ექსპორტზე გავიდა. თუმცა რუსეთში ერთ ლიტრ ღვინოზე საშუალო საექსპორტო ფასი შედარებით დაბალია. უფრო დაბალი კი პოლონეთშია, სადაც, 2023 წელს, 6 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის 12.6% მომდევნო სამ ქვეყანას – ს, ჩინეთსა და ყაზახეთს უჭირავს.
რეექსპორტი
2023 წელს რეექსპორტის ზრდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს უკავშირდება. გასულ წელს საქართველოდან რეექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობამ, ჯამში, 107.9 ათასი ცალი შეადგინა. ეს კი წინა წლის მაჩვენებელს 28 ათასი ერთეულით აღემატება. ამ პერიოდში ავტომობილების უდიდესი ნაწილი – 94.5% – რეექსპორტირდა ხუთ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ყაზახეთში, სომხეთში, ყირგიზეთსა და რუსეთში.
მათ შორის, საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი შედარებით მცირე, 5 ათასი ცალი იყო, მაგრამ ომამდე პერიოდის დონეს ორჯერ აღემატებოდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის კავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების საქართველოდან რუსეთში რეექსპორტი და ტრანზიტი შეზღუდულია.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების რეექსპორტი პირდაპირ რუსეთში არ ხორციელდება, მათი ნაწილი, საბოლოოდ, რუსულ ბაზარზე ხვდება. ეს კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საერთო ბაზრის გავლით ხდება. კერძოდ, „საქართველოში შემოყვანილი ავტომობილი ექსპორტირდება ამ კავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში, სადაც განაბაჟებენ და რუსეთში გადაჰყავთ.
2023 წელს საქართველოდან ყაზახეთში 39.9 ათასი ცალი მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა. ომამდე პერიოდთან შედარებით, რეექსპორტირებული ავტომანქანების რაოდენობა გაზრდილია 17.5-ჯერ. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის კიდევ უფრო მეტად, 22.4-ჯერ ზრდა დაფიქსირდა ყირგიზეთში. დაახლოებით ორჯერ გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი სომხეთში.
რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოს ექსპორტის სტრუქტურა თვალსაჩინოდ შეცვალა. გასულ წელს ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა, ხოლო რეექსპორტი გაიზარდა. რეექსპორტის მკვეთრი გაფართოება კი საქართველოდან ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის გაორმაგებას უკავშირდება. ადგილობრივი ექსპორტის კლება, თავის მხრივ, სპილენძის ექსპორტის შემცირებით არის გამოწვეული.