საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეხვედრისას ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ბიზნესგარემო განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ახალ ხელმძღვანელთან ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან და მისიის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ენდრიუ ჯუველთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ბიზნესგარემო განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ქვეყანაში მიღწეულ ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს, ასევე ეროვნული ბანკის მიერ შემცირებულ რეფინანსირების განაკვეთსა და ეკონომიკური ზრდის პირველი 4 თვის პარამეტრებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს BAG ინდექსის ბოლო კვარტალის კვლევის შედეგები, რომელიც ეხება ბიზნეს კლიმატს, დასაქმების ბარომეტრსა და საინვესტიციო ბარომეტრს. ისაუბრეს ასევე ბიზნეს საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რომელიც BAG ინდექსის ფარგლებში, ასევე შეადგენს კვლევის საგანს.
ზემოაღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა და ასოციაციის აღმასრულებელმა გუნდმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ ხელმძღვანელს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო გააცნეს.
შეხვედრაზე განხილული იყო ის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ანიჭებს და ევროპული ბაზრის პერსპექტივები და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც მეტ მდგრადობასა და განვითარების შესაძლებლობას მოუტანს ქვეყანას.
„მივესალმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელს საქართველოში. მოხარულნი ვართ, რომ მისია აქტიურად ადევნებს თვალყურს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. შეხვედრაზე განვიხილეთ ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ჩარჩო, რომელიც გავლენას ახდენს ბიზნეს სექტორსა და მომხმარებელზე და ქმნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობებს. ფაქტია, და ამას მისიაც აღიარებს, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები ძლიერი და ჯანსაღია, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის განვითარებისთვის. ასოციაციას აქვს მუდმივი კომუნიკაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი დიალოგი მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და ეკონომიკაში არსებული მონაცემების გაზიარების თვალსაზრისით, რასაც პროცესში მეტი სიცხადე შემოაქვს“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა