საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „საქართველოს კლინიკებს“ ქსელის 27 სამედიცინო დაწესებულების მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „საქართველოს კლინიკებს“, რომელიც ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელს წარმოადგენს, საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესის წარმატებით გავლას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით ქსელის ყველა სამედიცინო დაწესებულება აკრედიტირებულია.
საქართველოს კლინიკების ქსელი, ქვეყნის მასშტაბით 27 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს და თბილისაა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი.
ქსელმა 2023 წლის ნოემბერში თანამშრომლობა დაიწყო გერმანულ კომპანია KTQ-სთან და გაიარა 7 თვიანი აკრედიტაციის მოსამზადებელი პერიოდი.
ივლისის თვეში მააკრედიტირებლის მიერ ჩატარდა შემოწმება და ქსელში შემავალმა 27-ვე სამედიცინო დაწესებულებამ საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო, რაც თავის მხრივ გულისხმობს პაციენტებისა და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას. მააკრედიტირებლის წარმომადგენლებმა ადგილზე შეაფასეს 6 საერთაშორისო კატეგორიის დანერგვის პროცესი, კერძოდ თანამშრომელზე ორიენტაცია, პაციენტზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და კლინიკური რისკების მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ხელმძღვანელობა და მართვა.
ქსელის მასშტაბით, თითოეული ჰოსპიტლის ჭრილში შეიქმნა 300-ზე მეტი სამედიცინო პროტოკოლი/სოპი, განახლდა 50-ზე მეტი პროცესი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა ინფრასტრუქტურა. დაიწყო პროცესების გაციფრულება, შემუშავებული იქნა პაციენტთა კმაყოფილების შეფასებისა და მუდმივი მონიტორინგის სისტემა, დაინერგა ხარისხის ინდიკატორები, მოხდა რისკების იდენტიფიცირებისა და შემცირების პროტოკოლის იმპლემენტაცია. მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარდა 50-მდე ტრენინგი და სიმულაცია.
KTQ-ის მიერ მინიჭებული სერტიფიკატი დასტურია იმისა, რომ ქსელში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტზე ორიენტირებული გარემო და მომსახურების ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.
KTQ წარმოადგენს გერმანულ კომპანიას, რომელიც აღნიშნულ სფეროში 20 წელზე მეტია მოღვაწეობს და ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნებში ჯანდაცვის უმაღლესი სტანდარტის დანერგვას.
საქართველოს კლინიკები მომავალშიც უწყვეტად გააგრძელებს, როგორც აკრედიტაციის პროცესში მიღებული ცოდნის ხარისხის შენარჩუნებასა და გაღრმავებას, ასევე დანერგილი სტანდარტების ზედმიწევნით დაცვას, რაც კიდევ უფრო დააახლოებს კომპანიას მთავარ მიზანთან, გააუმჯობესოს პაციენტთა ცხოვრების ხარისხი.
„ვულოცავთ წევრ კომპანია „საქართველოს კლინიკებს“ ქსელის ყველა სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო აკრედიტაციის წარმატებით გავლას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მაღალი ხარისხის სერვისებს, სანდოობასა და პროფესიონალიზმს. კერძო სექტორის წარმატება და ასეთი მაგალითები, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან აღნიშნული ცალსახად პოზიტიურად აისახება, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ასევე ეკონომიკურ მდგრადობასა და განვითარებაზე“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.