საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული სიტუაციური სახელმძღვანელო იყო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მგვ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების) ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული სიტუაციური სახელმძღვანელო განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის და მგვ ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
ბიზნეს ასოციაციის ცნობით აღსანიშნავია, რომ BAG-ს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა შემოსავლების სამსახურთან, რათა მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გამოეყენებინა კუთვნილი უფლებამოსილება, მხედველობაში არ მიეღო სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა და სიტუაციური სახელმძღვანელოს დამტკიცებამდე პერიოდებში, მგვ ორგანიზაციების მიერ განსახილველ ოპერაციებზე როგორც დარიცხული, ისე მათი წევრების მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ დაქვემდებარებულიყო გაუქმებას.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან საკმაოდ აქტიური კომუნიკაციის შედეგად, მგვ ორგანიზაციების მომართვისა და BAG-ის ინიციატივით, მოხდა საკითხის ინიცირება, რათა მგვ ორგანიზაციების საქმიანობის წინა პერიოდებზე, როგორც მათ მიერ დარიცხული, ისე მათი წევრების მიერ ჩათვლილი შესაბამისი დღგ-ის თანხა არ დაქვემდებარებულიყო გაუქმებას, დაკორექტირებას, რადგან ერთის მხრივ, აღნიშნულს არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის, რადგანაც ერთ მხარეს დაბეგრილი, ხოლო მეორე მხარეს ჩათვლილი აქვს გადასახადი. ამასთან, მგვ ორგანიზაციების წევრების გარკვეული ნაწილი აღარ საქმიანობს, ფიზიკურად აღარ იძებნება და შესაბამისად მათი მხრიდან ა/ფაქტურის დაკორექტირება შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, აღნიშნული პროცესი, დასაკორექტირებელი ა/ფაქტურების რაოდენობის გამო, მოითხოვდა არაგონივრულ ადამიანურ და დროით რესურსს.
შესაბამისად, მადლობას ვუხდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს თანამშრომლობისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი სახის პოზიტიური კომუნიკაცია მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.