ფინანსურმა ინსტიტუტმა Care Caucasus-თან, ბიზნეს ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან და Visa-სთან ერთად ქალ მეწარმეთა გაციფრულების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მეწარმეები 6 თვის განმავლობაში უფასო პროდუქტებითა და შეღავათებით სარგებლობას შეძლებენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
„პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში მეწარმე ქალები ისარგებლებენ შემდეგი ბენეფიტებით: უფასოდ გამოიყენებენ მობილურ ტერმინალს და მიიღებენ გადახდებს ნებისმიერი ტიპის ბარათებით / აპლიკაციებით; უფასოდ გაიაქტიურებენ S ნაკრებს, რაც ბიზნესისთვის საჭირო ყველა პროდუქტსა და სერვისს მოიცავს; შეძლებენ დაიბრუნონ საკომისიო „ქეშბექის“ სახით მობილურ ტერმინალზე Visa ბარათით გადახდილ პირველ 1 000 ლარზე; უფასოდ ისარგებლებენ ოპტიმოს მარაგების მართვის პროგრამით, რაც ბიზნესპროცესების გაციფრულებაში დაეხმარებათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით,პროგრამაში მონაწილეობას ის პირველი 100 ქალი მეწარმე შეძლებს, ვინც კონკრეტულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს: კრიტერიუმების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე. აღსანიშნავია, რომ CARE Caucasus პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროგრამის მონაწილეებს შეარჩევს და მათთვის ბიზნესის მართვისა და განვითარების უფასო კონსულტაციებსა და მენტორობას უზრუნველყოფს.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვაძლიერებთ ქალ მეწარმეებს, ვაწვდით მათ ხელშესახებ ბენეფიტებს ბიზნეს პროცესების გამართვისა და ფინანსების ეფექტიანი მართვისთვის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბიზნეს სექტორის გამოწვევებს, შესაბამისად, მათ სწორედ იმ პროდუქტებსა და პროექტებს ვთავაზობთ, რომლებიც ამ საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარებათ. ჩვენ სამომავლოდაც არა ერთ საინტერესო ინიციატივას ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ“, – ამბობს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, რუსუდან ბარათაშვილი.
„ქეა კავკასიის“ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხაჩიძემ განაცხადა, „ქეა კავკასიისთვის“ მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება და მათთვის ფინანსურ რესურსებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
„ქეა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 1800-ზე მეტ ქალს დაუჭერს მხარს განავითარონ ბიზნესი მცირე ბიზნეს გრანტებით, მენტორული პროგრამებით და საქმიანი კავშირებით. საქართველოს ბანკსა და VISA-სთან პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს მათი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების სიკეთეები მცირე მეწარმე ქალებამდე მივიტანოთ. იმედი მაქვს, პარტნიორობის მსგავსს ინოვაციურ მოდელს სომხეთშიც დავნერგავთ“, – განაცხადა „ქეა კავკასიის“ მთავარი აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხაჩიძემ.
Visa-ს რეგიონულმა მენეჯერის კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძის თქმით, Visa ქალი მეწარმეების მხარდაჭერას საქართველოში აგრძელებს.
„მოხარული ვარ, რომ პარტნიორებთან ერთად, ვიწყებთ გაციფრულების პროგრამას. თანამშრომლობის ფარგლებში, 100 მეწარმე ქალს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობას ვაძლევთ. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ქალების ჩართულობა ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაში და ამით ხელი შევუწყოთ ინკლუზიური ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში“, – აღნიშნა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძემ.
„ჩაერთეთ პროექტში ამ ბმულიდან. ხოლო თუ ჯერ არ ხართ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.