გეოგრაფიული მდებარეობა ყოველთვის იყო საქართველოს უდიდესი უპირატესობა. ისტორიულად, ჩვენი ქვეყანა აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, დღეს კი ეს პოტენციალი თანამედროვე ინფრასტრუქტურით რეალიზდება.
წარმოიდგინეთ ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც აერთიანებს სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო მარშრუტებს, ამცირებს ტვირთების მიწოდების დროს და საქართველოს აქცევს ევრაზიის სატრანზიტო დერეფნის ცენტრალურ კვანძად. სწორედ ეს არის თბილისის მშრალი პორტი (TDP – Tbilisi Dry Port) – მულტიმოდალური ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც უკვე ცვლის რეგიონის სატრანსპორტო რუკას.
რა არის მშრალი პორტი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ლოგისტიკური ტერმინალი ხმელეთზე, რომელიც საზღვაო პორტის ფუნქციებს ასრულებს. ის რკინიგზით და საავტომობილო გზით პირდაპირ არის დაკავშირებული ფოთისა და ბათუმის პორტებთან, რაც ტვირთების დედაქალაქში სწრაფ და ეფექტიან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ეს ამცირებს დამოკიდებულებას საავტომობილო ტრანსპორტზე და განტვირთავს საზღვაო პორტებს. ასევე დედაქალაქის გარდა ემსახურება აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებს და მეზობელი ქვეყნების ტვირთნაკადებს.
პროექტის მასშტაბი: ციფრები და პარტნიორები
პროექტი ქინძმარაულის ქუჩაზე, 28 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ვითარდება. მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 22 მილიონი დოლარია, საიდანაც 15 მილიონი საქართველოს ბანკის დაფინანსებაა.
პროექტის სანდოობასა და საერთაშორისო მასშტაბს განაპირობებენ მისი სტრატეგიული ინვესტორები:
· Abu Dhabi Ports Group (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) – გლობალური ლიდერი პორტების, ლოგისტიკისა და ინდუსტრიული ზონების მართვაში
· Wilhelmsen Ports Services SA (ნორვეგია) – 160-წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის გიგანტი
· Inveco (საქართველო) – ადგილობრივი სტრატეგიული საინვესტიციო კომპანია
4 მთავარი სარგებელი ბიზნესისთვის (I ფაზა)
პროექტის პირველი ფაზა უკვე სრული დატვირთვით მუშაობს და ბიზნესს სთავაზობს შემდეგ კონკრეტულ უპირატესობებს:
· სისწრაფე და პროგნოზირებადობა: ტვირთები საზღვაო პორტებიდან პირდაპირ რკინიგზით, სპეციალური ბლოკ-მატარებლების საშუალებით, შემცირებულ დროში ჩამოდის თბილისში.
· ხარჯების შემცირება: გამარტივებული ლოგისტიკა და დროის ეკონომია პირდაპირ აისახება ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებაზე, ვინაიდან ზოგადად რკინიგზით ტრანსპორტირება ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული ვიდრე საავტომობილო გზით.
· გაფართოებული სატრანზიტო შესაძლებლობები: პორტი იძლევა საშუალებას, ტვირთები სარკინიგზო ან საავტომობილო გზით მიიღოთ არა მხოლოდ შავი ზღვის პორტებიდან, არამედ პირდაპირ ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან „შუა დერეფნის“ (სატრანზიტო მარშრუტი, რომელიც რუსეთს გვერდს უვლის) გავლით, ასევე აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
· „ერთი ფანჯრის“ პრინციპი: ტვირთის მიღება, გადატვირთვა, დასაწყობება და საბაჟო პროცედურები ერთ, ორგანიზებულ სივრცეში ხორციელდება.
II ფაზა და ახალი შესაძლებლობები
პირველი ფაზის წარმატებამ და ბიზნესის მაღალმა ინტერესმა განაპირობა განვითარების შემდეგი ეტაპის დაწყება, რომელიც პორტის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის:
· A-კლასის საწყობი: იწყება 10,000 კვ.მ. ფართობის თანამედროვე, A-კლასის დახურული საწყობის მშენებლობა, რაც გულისხმობს უმაღლესი სტანდარტის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასაწყობე სივრცეს შესაბამისი ტექნიკით და უსაფრთხოების მაღალი დონით.
· გაორმაგებული გამტარუნარიანობა: პორტის სიმძლავრე წლიურად 100,000-დან 200,000 TEU-მდე გაიზრდება (Twenty-foot Equivalent Unit – სტანდარტული 20-ფუტიანი კონტეინერის ეკვივალენტი, რომელიც ტვირთბრუნვის გასაზომად გამოიყენება).
· ავტომობილების იმპორტის სერვისი: უახლოეს მომავალში პორტი დაიწყებს მეორადი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამუშავებას. ამისთვის უკვე მოეწყო 1,000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი, საბაჟო კონტროლის სადგომის ზონა და ცალკე გამშვები პუნქტი, რაც პროცესს გაამარტივებს და გააიაფებს. აღნიშნული სერვისის მიღება პირველად იქნება შესაძლებელი თბილისში, რაც ადგილობრივ ავტოიმპორტიორებს კიდევ მეტად დაეხმარება თავიანთი ბიზნესის განვითარებაში.
· ფინანსური სერვისები ადგილზე: მომხმარებლების კომფორტისთვის, პორტის ადმინისტრაციულ ოფისში ოპერირებას დაიწყებს საქართველოს ბანკის ფილიალი.
· საკანონმდებლო ბაზა: მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა მშრალი პორტის ცნება საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს, რაც სექტორის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს და საშუალებას მისცემს საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებს კიდევ უფრო მეტად გამოიყენონ საქართველოზე გამავალი მარშრუტები.
თბილისის მშრალი პორტი არის პრაქტიკული პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა აქციოს საქართველომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობა რეალურ ეკონომიკურ სარგებლად.
პროცესები, რომლებიც აქამდე გაუთვალისწინებელ ხარჯებთან და დროის კარგვასთან ასოცირდებოდა, თბილისში გადმოტანით პროგნოზირებადი და ეფექტიანი ხდება. ეს ცვლის არა მხოლოდ ტვირთის გადაადგილების ლოგიკას, არამედ ბიზნესის კეთების მიდგომას – აქცენტი კეთდება სისწრაფეზე, მოქნილობასა და გლობალურ ბაზრებზე მარტივ წვდომაზე.
საბოლოო ჯამში, ეს არის ახალი რეალობა, რომელიც დედაქალაქიდან მთელ რეგიონზე ვრცელდება.
