„საქართველოს ბანკი“ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსურმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
„საქართველოს“ უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 20 უნივერსიტეტის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
ახლახან პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვს საქართველოს უნივერსიტეტიც შეემატა.
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამაში მონაწილეობა სტუდენტებს პირველივე კურსიდან შეუძლიათ.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტი რამდენიმე ზოგად მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და ლიდერობის პოტენციალი; სარგებლობდეს სტუდენტის აქტიური სტატუსით.
გამარჯვებულის გამოსავლენად უნივერსიტეტები კრიტერიუმებს ინდივიდუალურად ადგენენ და მათ საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებენ.
საქართველოს უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
„საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, განათლება ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის გავხადოთ. ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა საქართველოს ბანკის სტიპენდიებია, რომლის ფარგლებშიც 20 პარტნიორ უნივერსიტეტში უკვე გამოვავლინეთ 160-ზე მეტი სტიპენდიატი. ყოველწლიურად კი მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო გაიზრდება. წარმატებებს ვუსურვებთ სტუდენტებს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების განვითარებისთვის შექმნილი და მხარდაჭერილი საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო 40-ზე მეტ ინიციატივას ითვლის, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს. საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge