საქართველოს ბანკისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია GAIA-ს პარტნიორობით, მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია, 27 აპრილს, ფაბრიკაში გაიმართება.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი ქართული და სხვა მცირე რესურსის ენებზე მომუშავე მკვლევარებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, გამოწვევებისა და მისი გადაჭრის გზების ძიებაა.
კონფერენცია ორ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი ქართული ენის მოდელების განვითარების საჭიროებაზე, გამოცდილებასა და არსებულ პროგრესზე საუბარს დაეთმობა, რომელიც პანელური დისკუსიით გაგრძელდება. დისკუსიისას განხილული იქნება არსებული საერთაშორისო გამოცდილება; ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართული ენის მოდელებზე მომუშავე მკვლევარები დგანან და ასევე, ის თუ როგორია ამ გამოწვევების გადაჭრის გზები.
ღონისძიებაზე სპიკერებს შორის არიან:
· ზაალ გაჩეჩილაძე, რაფაელ კალანდაძე – AI Lab;
· ზურა ძინძიბაძე – საქართველოს ბანკი;
· თეიმურაზ საღინაძე – Georgian AI Networking and Twinning Initiative;
· რატი სხირტლაძე – მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია;
· სანდრო ბარნაბიშვილი – Ex Microsoft.
მოწვეულ სპიკერთა შორის კონფერენციაზე იქნებიან ჰრანტ ხაჩატრიანი – Yerevann Lab- იდან და ალექსა გორდიჩი – Ex DeepMind, Runa AI – დან.
„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში, რომელიც „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარებაზე მუშაობს და ქართული ენის გაციფრულებას ისახავს მიზნად. ჩვენ 2020 წლიდან აქტიურად ვართ ამ პროცესში ჩართულები, შევქმენით აუდიოს გამტექსტებელი, ენის მოდელი და მრავალდარგობრივი ცოდნის ბაზები, რასაც გამუდმებით ვხვეწთ და ვავითარებთ. ამ მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო გამოცემა Global Finance – მა საქართველოს ბანკი „AI-ს მიმართულებით ფინანსურ სექტორში 2023 წლის ინოვატორების“ კატეგორიაში გამარჯვებულად დაახელა. ამჯერად, ჩვენი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნირობის ფარგლებში, ქართული AI-ის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ენის ხელოვნურ ინტელექტთან იმ დონის ადაპტირებას, რომ სამომავლოდ ქართულ ენაზე ChatGPT და მსგავსი აპლიკაციები გამართულად მუშაობდეს. კონფერენციაზე ქართველ მკვლევრებს შესაძლებობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირები უცხოელ კოლეგებთან და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარონ, რაც სამომავლოდ საქართველოში AI მიმართულების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
„ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის უკვე არა არჩევანის, არამედ დროის საკითხია. თუ გვინდა, რომ AI-თი შექმნილი სარგებელი საქართველომაც მიიღოს, ქართულ ენაზე მომუშავე AI საჭიროა, რადგან საქართველოში თითქმის ყველა სფერო – მაგალითად, განათლება, საფინანსო, ჯანდაცვის, კულტურის სექტორები – ქართულად მუშაობს. თუმცა, ქართული ენის მოდელების განვითარების მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ქართულ ენაზე მცირე რაოდენობით ციფრული მონაცემებია ხელმისაწვდომი. კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს ბანკთან მხარდაჭერით ვატარებთ, სწორედ ასეთი მცირერესურსიანი ენების განვითარების ხედვებზე და გამოცდილებაზე შედგება დისკუსია და იმედი გვაქვს, ჩამოყალიბდება ერთიანი ხედვა, როგორ მუშაობს ქვეყანა და AI საზოგადოება ქართული ენის მოდელის განვითარებაზე. ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქართული ენის AI-ისთან ადაპტირების გზაზე და ამ პროცესში კერძო სექტორის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქართული AI-ის განვითარებით სწორედ ქართული ბიზნესები და მომხმარებლები მიიღებენ ყველაზე დიდ სარგებელს“, – ამბობს გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია “GAIA” – ს თანადამფუძნებელი და დირექტორი. ღონისძიების დღის წესრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ, ხოლო რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.