საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „ურბანიკი“ ვარკეთილი მოლს აშენებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 16.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მშენებლობას და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება.
პროექტის ფარგლებში მეტრო ვარკეთილის მიმდებარედ, 40,000 ათას კვ.მ-ზე, 7 სართულიანი სავაჭრო ცენტრი აშენდება, სადაც წარმოდგენილი იქნება არაერთი საერთაშორისო ბრენდი.
მოლის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკის ჩართულობით, თბილისში კიდევ ერთი მოლი შენდება, სადაც არაერთი საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. საქართველოს ბანკსა და კომპანია „ურბანიკს“ 20 წლიანი პარტნიორობა აკავშირებს და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა სპორტის სასახლის მიმდებარედ, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარედ, ვაშლიჯვარსა და მზიურის ტერიტორიაზე; სასტუმროს მშენებლობა აბანოთუბნის ტერიტორიაზე; ასევე რამოდენიმე ბიზნეს ცენტრის მშენებლობა კოსტავას, ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის), კვერნაძის, დოლიძის ქუჩებზე და მეტრო სადგურ ვაჟა ფშაველას მიმდებარედ. სამომავლოდ კი კომპანია უზნაძისა და კოსტავას ქუჩებზე მულტიფუნქციური სამშენებლო პროექტების განხორციელებას გეგმავს. გვეამაყება, რომ წლიდან – წლამდე კომპანია ვითარდება და ახალ მასშტაბებს იძენს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი სახვაძემ.