ახალგაზრდებში STEM მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღრმავებისა და მომავლის პროფესიების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა STEM ოლიმპიადას ახორციელებენ.
წელს ოლიმპიადაში მონაწილეობა 200-მდე სკოლამ მიიღო, ფინალურ ტურში კი 10 სკოლა გადავიდა. ფინალისტებს შორის არის ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაც.
ფინალური ტური მოსწავლეებისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს, შესაბამისად, ისინი ამოცანებისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. სწორედ ამ პროცესების შესახებ გუნდის მენტორი, ირმა ჯანელიძე გაგვესაუბრა.
,,STEM ოლიმპიადაში ჩართვა ჩვენს მოსწავლეებს დაეხმარება, ჩამოყალიბდნენ ცოდნის მაძიებელ მოქალაქეებად, რომლებიც კრიტიკული და თავისუფალი აზროვნებით შეძლებენ თანამედროვე გარემოსთან ადაპტაციასა და მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრებას. STEM განათლების პოპულარიზაცია საქართველოში მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ტექნოლოგია, ფიზიკა, ინჟინერია, მათემატიკა ის სფეროებია, რომლებიც მომავლის პროფესიებს უყრიან საფუძველს. თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიებისაა, შესაბამისად, აუცილებელია, ჩვენმა მოსწავლეებმა უპასუხონ საერთაშორისო გამოწვევებს, ამიტომ, ვფიქრობ, ყველა ასეთი შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“- აღნიშნავს ირმა ჯანელიძე.
ფოთის მე-3 საჯარო სკოლის გუნდში მე-8 – მე-11 კლასის 6 მოსწავლეა გაერთიანებული. გუნდში მოსახვედრად მათ რთული შესარჩევი ეტაპი გაიარეს, ოლიმპიადის პირველ თეორიულ ტურში კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ფინალის საგზურიც დაიმსახურეს. როგორც მენტორი, ირმა ჯანელიძე, გვეუბნება, ასეთი შედეგის მიღწევა დისციპლინური მეცადინეობითა და ერთიანობით შეძლეს:
„გუნდში პერსპექტიული, ნიჭიერი და სხარტი მოსწავლეები მოხვდნენ, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი გუნდურობა, პასუხისმგებლობის შეგრძნების მაღალი დონე და თავდაუზოგავი შრომაა. ყველა მოსწავლე აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო მეცადინეობებში, გუნდის მენტორობა პირადად ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. გარდა თეორიული ცოდნისა, მენტორმა გუნდის მოტივატორის ფუნქციაც უნდა შეითავსოს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ოლიმპიადა ბავშვებისთვის იყოს არა სტრესული, არამედ სახალისო, საინტერესო, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მომცემი“, – გვიყვება ირმა.
ფიქრობს, რომ სრულიად განსხვავებული ფორმატისა და შინაარსის ოლიმპიადაში მონაწილეობა მოსწავლეებს პროფესიულ ზრდაში დაეხმარება, მისცემს მოტივაციას, კიდევ უფრო განვითარდნენ და მეტი ისწავლონ.
თუმცა ფოთის მე-3 საჯარო სკოლის გუნდს ფინალისთვისაც დიდი მოლოდინები აქვს. ისინი, სხვა ფინალისტებთან ერთად, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სამთვიან უფასო კურსს გადიან და სპეციალურად ფინალური ტურისთვის მომზადებული, განსხვავებული და პრაქტიკული ამოცანებისთვის თავის გასართმევად ემზადებიან.
,,მოსწავლეებს გაკვეთილები კვირაში ორჯერ ორი საათის განმავლობაში უტარდებათ, მიმდინარეობს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მუშაობა. მრავალფეროვან დავალებებს ასრულებენ ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. დამატებითი შეხვედრების დროს ვარჩევთ შესწავლილ საკითხებს. გვიხარია, რომ ეს ოლიმპიადა არ არის ორიენტირებული მხოლოდ შეჯიბრსა და არსებული ცოდნის გამოვლენაზე. გუნდის წევრები ყოველდღე სწავლობენ რაღაც ახალს, იძენენ უნარებს, რომლებიც მომავალში წარმატების მისაღწევად აუცილებლად გამოადგებათ“- აღნიშნავს ირმა ჯანელიძე.
STEM ოლიმპიადის გამარჯვებული სულ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს საგანმანათლებლო საგზურს ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) კვლევით ცენტრში. მათი სკოლის შენობაში კი მოეწყობა საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით. მეორე და მესამეადგილოსანი გუნდები კი საგანმანათლებლო პროცესებისთვის აუცილებელი ტექნიკითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: csr.bog.ge