„დიო“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე რეგიონის ქვეყნებში ექსპორტი განიხილება.
„ვემზადებით ექსპორტისთვის, ვინაიდან მოვიდა დრო, ვიფიქროთ საექსპორტო ბაზრებზე. საქართველოს ბაზრის ზომა მაინც მცირეა, ამიტომ ჩვენი მიზანია, მომავალ წლებში „დიო“ წარმოდგენილი იყოს უცხოურ ბაზრებზე“, – აცხადებს თამაზ დაუშვილი.
„დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი „კომერსანტთან“ გასულ წელსაც აჯამებს და ამბობს, რომ პოზიტიური წელი იყო, თუმცა კომპანიას გამოწვევაც არაერთი ჰქონდა, მათ შორის ყველაზე მწვავე კადრების დეფიციტია.
„2023 წელს მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტი იყო და ბევრი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ კვალიფიციური პერსონალი შეგვენარჩუნებინა, შესაბამისად გაიზარდა კომპანიის ხარჯები, რამაც კომპანიის მომგებიანობის შემცირებაზე მოახდინა გავლენა. ფინანსური რესურსები მივმართეთ იმისკენ, რომ მაქსიმალურად გაგვეზარდა ხელფასები, გვეზრუნა კადრების მოზიდვაზე და გადამზადებაზე. ვფიქრობ, წელსაც კადრების საკითხს დავუთმობთ, იმას თუ როგორ მოვახერხოთ გადავამზადოთ ისინი“, – ამბობს თამაზ დაუშვილი.
ქართული კაპიტალით შექმნილი „დიო“ ბაზარზე 26 წელია ოპერირებს. ჟალუზების წარმოებით დაწყებული ბიზნესი, დღეს უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხნამდე გაიზარდა.
