საქართველოს ბაზარზე, შესაძლოა, ახალი ჩინური ავიაკომპანიები გამოჩნდნენ

საქართველოს ბაზარზე, შესაძლოა, ახალი ჩინური ავიაკომპანია გამოჩნდეს. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც არსებულ, ასევე, ახალ ავიაკომპანიებთან. ამის შესახებ „ბიზნეს-პარტნიორი“ წერს.
„ჩვენ გვაქვს, ერთი მხრივ, მიმდინარე მოლაპარაკებები არსებულ ავიაკომპანიასთან – იმისთვის, რომ გაზარდონ საჰაერო მიმოსვლა და სიხშირეები ჩვენი ქვეყნის აეროპორტებში. გარდა ამისა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ახალ, ჩინურ ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოს სამივე აეროპორტს ჰქონდეს საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციასთან“ – ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.
მისივე თქმით, ამით გაძლიერდება ტურისტული ვიზიტები და ქვეყანა მეტ შემოსავალს მიიღებს ტურიზმიდან.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის ხელისუფლებამაც მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მოსახლეობას გაუუქმა სავიზო რეჟიმი. ეს არის პირველი და უმთავრესი სტიმული იმისთვის, რომ იყოს მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, გაიზარდოს მგზავრთნაკადი. ეს უზრუნველყოფს ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებას და ვაჭრობის გააქტიურებას“ – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
ამ დროისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ ავიარეისებს China Southern Airlines ახორციელებს. ფრენები თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში ოთხი სიხშირით სრულდება.
წყარო: „ბიზნეს-პარტნიორი“