ელექტრომობილების ბაზარი საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია იზრდება. თუ მხედველობაში მივიღებთ ბოლო 5 წლის იმპორტის მაჩვენებლებს, ელექტროძრავზე მომუშავე ტრანსპორტის რაოდენობა რამდენჯერმეა გაზრდილი. იმპორტმა მაქსიმუმ მიმდინარე წელს მიაღწია. საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში საქართველოში 61,3 მილიონი დოლარის ღირებულების 3 616 ერთეული ელექტროძრავიანი მანქანა შემოვიდა, მაშინ როცა წინა წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 1 922 ერთეულს შეადგენდა, შესაბამისად ზრდა 80%-ზე მეტია.
E-Motors Georgia-ს გენერალური დირექტორი ირინა დარჩია ბაზრის ზრდას ელექტრომობილებზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებს და ამბობს, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მომავლის ბიზნესი სწორედ ელექტრომობილებია.
„მოთხოვნა ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება, თუმცა იმპორტის პროცენტული მაჩვენებელი ბევრად უფრო მეტია რეალურად, ვიდრე გაყიდვები. ეს ალბათ გამოიწვია იმან, რომ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი ამ ეტაპზე და მომავლის ბიზნესი არის ელექტრომობილები და სწორედ ამიტომ იმპორტიორებმა გადაწყვიტეს, რომ დიდი წილი ელექტრომობილებს მიაქციონ ყურადღება და შემოიყვანონ.
ჩინური ელექტრომობილების მიმართულებით ზრდა გამოიწვია სავარაუდოდ იმან, რომ ფასი ხარისხთან შედარებით ბევრად უფრო დაბალია. რეალურად ჩინეთი გიგანტი ქვეყანაა, რომელიც ელექტრომობილებს აწარმოებს და წარმოუდგენელი განვითარება აქვთ წლიდან წლამდე.
ჩვენს კომპანიაში დაახლოებით 10%-იანი ზრდა არის წლიდან წლამდე ელექტრომობილების მოთხოვნაზე, რაც ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკმაოდ კარგი ზრდის მაჩვენებელია.
რეალური გამოწვევა არის ის, რომ ქალაქში არ არის ბევრი დამტენი, რაც რეალურად პრობლემას ქმნის. ვფიქრობ, ამის მოგვარება იქნება ბიძგი, რომ ბევრმა გადაწყვიტოს ელექტრომობილით საუბარი”,-აცხადებს ირინა დარჩია, E-Motors Georgia-ს გენერალური დირექტორი.
საქართველოში ელექტრომობილები ძირითადად ამერიკიდან შემოდის. მხოლოდ წლის პირველ ნახევარში აღნიშნული ბაზრიდან საქართველოში 38,8 მილიონი დოლარის ღირებულების 2 665 ერთეული ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა.
ბოლო 2-3 წელია ბაზარზე თავს იმკვიდრებს ჩინური ელექტრომობილებიც. საიმპორტო ქვეყნებს შორის ჩინეთს მეორე ადგილი უჭირავს. წელს 6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 9,6 მლნ დოლარის ღირებულების 423 ერთეული ელექტროძრავზე მომუშავე ტრანსპორტის იმპორტი განხორციელდა.
