საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე ისაუბრეს „სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე“ გაღრმავებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე „თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე“.
„გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას“.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ორი ქვეყნის „საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები, რაც აფართოებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს“.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით „შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის განვითარების თვალსაზრისით, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, პოტენციალს“.
შეეხნენ ეკონომოიკური თანამშრომლობის საკითხებს „2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა“.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
21 თებერვალს დასრულდა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირველი საგარეო ვიზიტი, რომელიც ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტების სათაო ოფისებსა და ნატოს შტაბბინაში გაიმართა.
საქართველომ და ჩინეთმა – ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა სი ძინპინმა – სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ზაფხულის ბოლოს დაამყარეს.
ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტად დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე, 14 იანვარს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის რანგში იმყოფებოდა ჩინეთში.