საქართველოს ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დანერგვას მხარი III მოსმენით დაუჭირეს

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზისაქართველოს პარლამენტი/Facebookივანიშვილის პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა “შრომითი მიგრაციის შესახებ”  და “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონებში ცლილებებს.
“უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში მიღებული ცვლილებების თანახმად, დაინერგება ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა. აღნიშნული კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა 5 წლის მოქმედების ვადით და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით.
C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით შემოდის და რომელსაც ასევე უფლება აქვს, განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ – თუ ის უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.
გარდა ამისა, კანონში ტერმინი E-VISA PORTA ჩანაცვლდება ჩანაწერით – “სპეციალური ვებგვერდი”. ამასთან, შესაძლებელი იქნება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით მიღება.
C5 კატეგორიის ვიზის გაცემაზე უარის თქმის დასაბუთების საჭიროების არარსებობის საფუძვლად განისაზღვრება კიდევ ერთი, ახალი საფუძველი – სახელმწიფო საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.
დაინერგება ახალი, საქართველოს C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა – კანონპროექტი
“შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად:
“შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, თუ იგი: არის საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; საქართველოში ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ ახორციელებს საქმიანობას; შრომით საქმიანობას სრულად ადგილობრივი დამსაქმებლისთვის დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს; შრომით საქმიანობას/მომსახურების გაწევას არარეზიდენტი პირისსასარგებლოდ ახორციელებს და შრომითი საქმიანობა/მომსახურების გაწევა უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას.
გარდა ამისა, ცვლილებებით “შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონს ემატება ახალი ნორმა, რომლის თანახმადაც, უცხოელს უფლება ექნება საქართველოში განახორციელოს მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის გარეშე, თუ აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება დროებითი ვიზიტის ფარგლებში, არ წარმოადგენს ხანგრძლივ დასაქმებას ადგილობრივ შრომის ბაზარზე და დაკავშირებულია კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან”. – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.