გერმანიის ქალაქმა ფრესინგმა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრას უმასპინძლა, რომლებშიც, ცხადია, საქართველოს ნაკრებებიც მონაწილეობენ. მთლიანობაში ჩატარდა 16 ტურნირის წილისყრა, რომელთაგან საქართველო 5-ში მონაწილეობს: ყველაზე უმაღლესი რანგის ტურნირში 16-წლამდელები ასპარეზობენ, რომლებმაც გასულ წელს A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს და წლეულს კვლავ ელიტაში იქნებიან. B დივიზიონში იასპარეზებს 2 ნაკრები: 18 და 20 წლამდელები, ხოლო გოგონათა 16 და 18 წლამდელთა ნაკრებები ძალებს კვლავინდებურად C დივიზიონში მოსინჯავენ.
16-წლამდელთა ნაკრები – A დივიზიონი
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, იგივე A დივიზიონი თურქეთის მეგაპოლის სტამბოლში გაიმართება. ტრადიციულად, ტურნირში კონტინენტის
16 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 4 ჯგუფში იქნებიან განაწილებულნი. ჩვენი ნაკრები C ჯგუფში მოხვდა სერბეთთან, გერმანიასა და ესპანეთთან.
გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფში ერთმანეთთან თითო მატჩის გამართვის შემდეგ ყველა მონაწილე მერვედფინალში გადაინაცვლებს, სადაც მეტოქე დაკავებული ადგილების მიხედვით შეხვდება. მერვედფინალში მოგებული გუნდები ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ, ხოლო წაგებულები 9-16 ადგილებს გაითამაშებენ და ბოლო 3 გუნდი ელიტარულ დივიზიონს დატოვებს.
16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 8-16 აგვისტოს, სტამბოლში გაიმართება.
20-წლამდელთა ნაკრები – B დივიზიონი
წლეულს 20-წლამდელთა B დივიზიონში 21 გუნდი იასპარეზებს, რომელთა მიზაბიც 3 საუეკთესოში მოხვედრა იქნება, რათა A დივიზიონის საგზური მოიპოვონ. მონაწილეები 4 ჯგუფში განაწილდნენ და საქართველო ერთადერთ 6-გუნდიან ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან: მაკედონია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ავსტრია და დანია.
ტურნირი 11-დან 20 ივლისის ჩათვლით ჩვენს მეზობლად, ერევანში ჩატარდება.
18-წლამდელთა ნაკრები – B დივიზიონი
ტუნირს რუმინეთის ქალაქი პიეშტი უმასპინძლებს და მასში 22 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, რომელშიც მეტოქეებად დანია, პორტუგალია, რუმინეთი, უკრაინა და აზერბაიჯანია. ამ გუნდში ითამაშებს იმ ახალგაზრდების უმეტესობა, რომლებმაც გასულ აგვისტოში 16-წლამდელთა ნაკრებში იასპარეზეს და A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს.
18-წლამდე ქალთა ნაკრები – C დივიზიონი
ჩვენი გოგონები ისევ C დივიზიონში არიან და წლეულს ანდორაში იასპარეზებენ, სადაც 7 ნაკრები შეიკრიბება. ჩვენი გუნდი B ჯგუფში მოხვდა მალტასთან, კვიპროსთან და გიბრალტართან ერთად, ხოლო A ჯგუფში ალბანეთი, ანდორა და სომხეთი იასპარეზებენ. ტურნირი 22-27 ივლისს ჩატარდება.
16-წლამდე ქალთა ნაკრები – C დივიზიონი
8 ქვეყნის ნაკრები კოსოვოში შეიკრიბება, სადაც 8-დან 13 ივლისის ჩათვლით გამარჯვებულს გამოავლენს. საქართველო A ჯგუფში მოხვდა კვიპროსთან, სომხეთთან და გიბრალტართან ერთად. B ჯგუფი მალტამ, ალბანეთმა, კოსოვომ და მოლდოვამ შეადგინეს.