ევროკავშირის უმაღლესი ორგანო გეგმავს გაიმეოროს, რომ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსი ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს და მას მოუწოდოს, განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები.
ეს ირკვევა ევროპული საბჭოს უახლოესი შეხვედრის სამუშაო დოკუმენტიდან, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა.
„ევროპული საბჭო იმეორებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეუცვლელობა საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროპულ გზას, ფაქტობრივად, მას აჩერებს. მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპული საბჭო აერთიანებს ევროპის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც წელიწადში ოთხჯერ ხვდებიან ერთმანეთს და ევროკავშირის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავენ.
ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრა ბრიუსელში 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება. ევროპელი ლიდერები ხმას მისცემენ დოკუმენტს, რომელიც წინასწარ შეიმუშავა ევროკავშირის საბჭოს სამდივნომ და რადიო თავისუფლებამ ნახა.
„ევროპული საბჭო იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის სადამფუძნებლო ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
სამუშაო დოკუმენტში საქართველოს შესახებ კიდევ ორ ჩანაწერს ვხვდებით. მათგან პირველში ნათქვამია, რომ ევროკავშირი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „თავისუფალ და სამართლიან“ გარემოში ჩატარებას ელის, მეორეში კი ხაზგასმულია ევროკავშირის „ურყევი მხარდაჭერა“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
4 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები შეწყვიტეს, ივლისში კი ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა
ამ და სხვა შესაძლო ზომების შესახებ საუბარი იყო ევროკომისიის სამუშაო დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ივნისში ნახა. ამ დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი უკიდურეს ზომად განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას.
„ნამდვილად გულსაკლავია იმის ნახვა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია პრაქტიკულად შეჩერებული, პრაქტიკულად გაყინულია, ამავდროულად, ჩვენ წინ მივიწევთ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად”, – თქვა ივნისში პაველ ჰერჩინსკიმ მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ე.წ. “აგენტების კანონი” მიიღო.