საქართველოს ამერიკელი მასტერ-სომელიეების ჯგუფი სტუმრობდა

საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners”-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლ იანონი (Paul Yanon) და მასტერ-სომელიეები, რომლებსაც -ის სხვადასხვა შტატში მიშელინის ვარსკვლავის რესტორნებსა და ჰორეკა სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.
ტურის ფარგლებში, ამერიკელი მასტერ-სომელიეები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები. სტუმრებისთვის ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც.
ტური ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით გაიმართა. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება. კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტებია, სადაც სტუმრები ადგილზე ეცნობიან ქართულ ღვინოებს, მის ისტორიას და კულტურას.
ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, „Colangelo & Partners“ აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან ახორციელებს. „Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.