საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა
11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა.
ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო.
ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება.
ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.
აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს




