2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გასულ ღამით სახელმწიფო დროშები დაუშვეს საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის სასახლის, პრეზიდენტის სასახლის, სამინისტროების და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.
8 აგვისტოს, 00:05 საათისთვის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ „მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია”.
„ქართული ოცნების” ხელისუფლება ომის დაწყების დღედ 2008 წლის 8 აგვისტოს მიიჩნევს. ის ომის დაწყებაში „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგამოძიებო კომისიაც შექმნა.
7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების მე-17 წლისთავზე თბილისში გაიმართა მსვლელობა „დიდება გმირებს“.
2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის – სამხედრო და სამოქალაქო პირების სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.
რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.
ფორუმი
