საქართველოსთვის: პროკურატურამ ვიდეო მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა არ მოგვცა

გახარია საქართველოსთვის განცხადებით, ბათუმში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქტიურია. პარტიაში ამბობენ, რომ პროკურატურამ არ მისცა ვიდეო მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა.
მათივე ცნობით, მიზეზად ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნა დაასახელეს, თუმცა აღნიშნულია, რომ პროკურატურას ასლები აქვს.
“გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას – ვიდეო ჩანაწერებს. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი ბათუმში ჩავიდა საქმის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქტიურია. ვიდეო მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა პროკურატურამ არ მოგვცა ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი საბაბით მაშინ, როცა ასლები აქვთ. არ გადმოგვეცა უმნიშვნელოვანესი მოწმის – ზვიად ქორიძის გამოკითხვის ოქმი. ამასთან, გაირკვა, რომ თავდასხმიდან თითქმის 2 კვირის თავზე ფორმალურად გამოკითხულია მხოლოდ ერთი არაფრისმომცემი მოწმე.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავდასხმა ივანიშვილის დაკვეთითაა ორგანიზებული და პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის დავალებას მტკიცებულებების განადგურებაზე და სიმართლის გაყალბებაზე.
უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების გადმოცემაზე უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეჟიმის მოტივაციაზე გამორიცხოს ივანიშვილის როლი და მიჩქმალოს შეკვეთილი და ჩასაფრებით მოწყობილი თავდასხმის წინასწარ ორგანიზებული და ჯგუფური ხასიათი”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 27 იანვარს, გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
***
15 იანვარს გვიან ღამით გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო შერატონში ოცნების არალეგიტიმური დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. მას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.