პარტია “საქართველოსთვის” პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილებას ითხოვს. ბექა ლილუაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს და ამბობს, რომ პარტია წარადგენს ინიციატივას შეიცვალოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით აირჩიონ საქართველოს მოქალაქეებმა.
მისი თქმით, ეს უზრუნველყოფს საჭირო ლეგიტიმაციასა და დამოუკიდებლობას.
“ხელისუფლებაში ბალანსის პრობლემაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც აღიარა “ოცნების” ხელისუფლების შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების პრობლემა. ლოგიკურად, მის ინტერესშიც უნდა შედიოდეს მაღალი ლეგიტიმაციის კონსტიტუციური ინსტიტუტების შენარჩუნება. ამიტომ, მოვუწოდებთ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას, ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციურ ცვლილებაზე, სახელმწიფოს მეთაურის, პრეზიდენტის, საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით,” – თქვა ლილუაშვილმა პრესკონფერენციაზე.