საქართველოსთვის: მოვითხოვთ ოცნებისგან, ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს

პარტია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი ქართული ოცნების მიერ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მმართველი გუნდი ზონდერ ჯგუფებს წინასწარ გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა.
პარტია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, არ შეახოს ამნისტია “ზონდერ ჯგუფებს“. ასევე, მოუწოდებს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სისტემურ დანაშაულზე და მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია ყველა საქმეს, რომელიც მათი თქმით, გარიგების ნაწილია.
“ამნისტიის შესახებ კანონმა დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ “ოცნება” ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა.
ხელისუფლება დღეს ათასობით პატიმარს და მათ ოჯახებს ატყუებს, რომ თითქოს მათზე ზრუნვის მიზანი ამოძრავებს. სინამდვილეში კი მათზე ამნისტიას არ ავრცელებს და ჰუმანურობის საფარქვეშ, ზონდერების დაუსჯელობის დაპირებას ასრულებს.
გარიგების თანახმად, ზონდერ ჯგუფებს უნდა ემოქმედათ მაქსიმალურად სასტიკად და იმ მუხლების ფარგლებში, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა. ხოლო სახელმწიფო უწყებებს ხელი უნდა დაეფარებინათ ხელისუფლებისთვის, არ დაეშვათ გამოძიების დაწყება ისეთი მუხლებით, რაც ირიბად მაინც მიანიშნებდა ხელისუფლების ბრალეულობაზე და გამოძიება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ფორმალურად იმ მუხლებით დაეწყოთ, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა.
მართლაც, დღეს გამოძიებებს, რომლებსაც უკვე ამნისტია ეხება, ფორმალურად, კანონის დარღვევით – არასწორი კვალიფიკაციით აწარმოებს არაუფლებამოსილი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ გარიგების მონაწილე იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც თვალი დახუჭა “დევნაზე” და განცხადებები -ში გადააგზავნა.
“ოცნება” დღეს ნაცმოძრაობის მეთოდებით მოქმედებს. ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების მიმართ სისტემური ძალადობის ოპერაცია ოფიციალური სახელმწიფო უწყებების და არაოფიციალური ზონდერ ჯგუფების მონაწილეობით დაგეგმა – აცემინა ახალგაზრდები, მოხუცები, ქალები, ბავშვები და ახლა დანაშაულის დაფარვის ოპერაციას ახორციელებს. სწორედ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ხელწერა და ეს გახდა დღეს ოცნების ხელწერა.

ასევე დაგაინტერესებთ