პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებით, საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური “ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების პირადი ინტერესების მსახურებაში არიან”.
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის.
“ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში.
ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც.
ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს”, – წერია პარტიის განცხადებაში.
***
იაპონური გამოცემა Shūkan Bunshun სტატიას ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟზე, უტა ივანიშვილზე აქვეყნებს და წერს, რომ “პროპუტინისტი დიქტატორის უფროსი ვაჟი იაპონიაში შენიშნეს”.
სტატიაში ნათქვამია, რომ უტა ივანიშვილი და საქართველოს ელჩი იაპონიაში, თემურ ლეჟავა ერთმანეთს რესტორანში შეხვდნენ და ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, დამშვიდობებისას, პიჯაკში ჩაცმულმა მამაკაცმა მას დიდი შავი ჩანთა გადასცა და ქართულად უთხრა:”აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება”.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/publika.ge-1020860975-0-67-1281-787-1920x0-80-0-0-c7a9ff468e997f1789e22e90559bff1f-1024x576-1-300x169.jpg)