ჩვენ გვინდა გავაფართოოთ ევროკავშირი, რადგან ეს კავშირი ჩვენ გეოპოლიტიკური რისკებით სავსე სამყაროსგან გვიცავს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის საბჭო 27 წევრი ქვეყნისგან შედგება და მათ საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში უნდა მიიღონ, თუმცა ელჩი აღნიშნავს, რომ ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემა პოზიტიური ნიშანია.
„ევროპის საბჭო შედგება 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურისაგან. ასე რომ, გერმანიის სახელით კანცლერი შოლცი, საფრანგეთის სახელით პრეზიდენტი მაკრონი და ა.შ. დეკემბრის შუა რიცხვებში შეიკრიბებიან და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ თუ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, ეს ძალიან კარგი ნიშანია. მე შემიძლია გერმანიის სახელით განვაცხადო, რომ ჩვენ გვსურს ვთქვათ – „დიახ“. ჩვენ გვინდა გავაფართოოთ ევროკავშირი, რადგან ეს კავშირი ჩვენ გეოპოლიტიკური რისკებით სავსე სამყაროსგან გვიცავს”, – განაცხადა მან.
ამასთან, გერმანიის ელჩის თქმით, არ უნდა დაფიქსირდეს უკუსვლა იმ 9 მიმართულებით, რომელიც რეკომენდაციის სახით ევროკომისიამ განსაზღვრა.
„მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. კომისიამ დაასახელა ცხრა სფერო, რომლებშიც საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს მუშაობა და დეკემბრამდე სხვა სახის სიგნალები არ გამოგვიგზავნოს. სიგნალი უნდა იყოს, „დიახ“, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. სიგნალი არ უნდა იყოს უკუსვლა რომელიმე ხსენებულ ცხრა სფეროში. მე ვთქვი, რომ ევროკავშირი არის ჩვენი დაცვა, ასევე ჩვენი ცხოვრების წესის დაცვა, თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და რადგან ეს ჩვენი დაცვაა და რადგან არსებობს გამოწვევა იმ ღირებულებების მიმართ, რომლებიც მოდის მსოფლიოდან, რიგი სახელმწიფოებისგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკეთესია ზემოდან მმართველობა, უბრალოდ ბრძანების გაცემა და ხალხის დამორჩილება, ვიდრე ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება და უთხრას მთავრობას თუ რა არის გასაკეთებელი“, – განაცხადა ელჩმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი