საქართველოს ავიაბაზარს ახალი ევროპული ავიაკომპანია, Air Serbia შეემატა – ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
თბილისის აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც ავიაციისა და ტურიზმის სექტორისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა, საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.
Air Serbia არის პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრე, რომელიც 1927 წელს დაარსდა. 2024 წელს, საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 16,839 მგზავრი შეადგინა, რაც 66%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით. ეს ახალი პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ტურისტული და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.
