საქართველოსა და ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დამატებითი ბილეთები გაიყიდება

საქართველოში ბულგარელი გულშემატკივრები აღარ ჩამოდიან და მათთვის განკუთვნილი ბილეთების შეძენას ქართველი ქომაგები შეძლებენ – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„7 სექტემბერს დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე საშინაო შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება, დამატებითი ბილეთები გაიყიდება.
როგორც ცნობილია, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის სტადიონის ტევადობის 5% იყო დარეზერვებული. თუმცა, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სტუმარი გუნდის გულშემატკივრისთვის განკუთვნილი სექტორების ათვისება არ მოხდება.
შესაბამისად, მათთვის განკუთვნილი პირველი იარუსის მეცხრე და მეათე სექტორები, ასევე მიმდებარედ განთავსებული უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ადგილები სრულად დაბრუნდება გაყიდვაში.
დამატებითი ბილეთების ფასი 40 ლარი იქნება. ბილეთების რეალიზება 6 სექტემბერს, 12:00 საათზე BILETEBI.GE-ზე დაიწყება.
ბილეთები პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორში, ასევე მეორე იარუსის მე-12 სექტორიდან მე-17 სექტორის ჩათვლით არის განთავსებული“, – წერია სფფ-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1tv.ge