საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

დღეიდან ძალაში საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შევიდა, რომელიც საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურებისთვის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ, რომელიც თავისი არსით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი თაობის შეთანხმებას წარმოადგენს, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ინტეგრაციას კიდევ უფრო გააღრმავებს.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ეს ამ ტიპის პირველი შეთანხმებაა სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოსთან. საქართველოს მიმზიდველობას ისიც აძლიერებს, რომ ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ დიდ ეკონომიკასთან – ევროკავშირთან და ჩინეთთან. საქართველოს ეს სტრატეგიული უპირატესობა არაბულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, საინვესტიციო შესაძლებლობები გამოიყენონ და მიიღონ ამ ბაზრებზე წვდომა. ამ შეთანხმების ამოქმედებით, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება,“ – განაცხადა გენადი არველაძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების ამოქმედების შემდგომ ემირატების მხრიდან მყისიერად გაიხსნება ბაზარი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციაზე, როგორიცაა: საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ძირითადი ნაწილი, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი და ა.შ.
არაბეთის გაერთიანებული საემიროები უკვე არის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორი არაბულ ქვეყნებს შორის. 2023 წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 39%-ით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, მათ შორის, ექსპორტი 73%-ით.
მათივე ინფორმაციით, შეთანხმება ინვესტიციების მოზიდვას სხვადასხვა სექტორში ხელს შეუწყობს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან 2023 წლის მონაცემებით საქართველოში ინვესტიციების მოცულობა 29%-ით გაიზარდა.