საქართველომ ხაშურისა და ახლო მდებარე დასახლებების წყალმომარაგების სისტემების პროექტის დასრულებისთვის საფრანგეთისგან 30 მილიონი ევრო ისესხა. შესაბამისი ხელშეკრულება ფინანსთა სამინისტრომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან გააფორმა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით ვიგებთ, რომ საქართველომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ფული 20 წლით ისესხა.
“ხაშურის წყლის პროექტისთვის სასესხო შეთანხმებას საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან 2020 წლის 31 ივლისს მოეწერა ხელი და მოიცავს 58 მლნ ევროს ოდენობის სესხს, საიდანაც შესრულებული სამუშაოებისთვის დღეის მდგომარეობით ჩამოგვირიცხეს 21.4 მლნ ევრო.
ამჟამად ხელმოსაწერად მომზადდა მეორე ეტაპისთვის საჭირო რესურსი, რაზეც მუშაობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) დაიწყო 2023 წლიდან (საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 ნოემბრის N2072 განკარგულების საფუძველზე) ორივე მხარის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად და ითვალისწინებს მეორე ეტაპის სამუშაოების დაფინანსებას 30 მლნ ევროს ოდენობის სესხით”, – წერია ინფორმაციაში.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულება ორივე მხარის მიერ არის ხელმოწერილი და რატიფიცირებისთვის დადგენილი წესით გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში.
საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელშეკრულების დასადებად შესაბამისი განკარგულება პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა – ის 15 აგვისტოთი თარიღდება.