საქართველომ ჩინეთიდან 5-ჯერ მეტი პროდუქცია იყიდა, ვიდრე გაყიდა

2024 წლის იანვარ-მაისის წინასწარი მონაცემებით, ჩინეთი, 691.6 მილიონ დოლარიანი ბრუნვით, საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წლის პირველ ხუთ თვეში ჩინეთზე საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8.2% მოდიოდა. აღნიშნულ პერიოდში საქართველომ ჩინეთიდან 5-ჯერ მეტი პროდუქცია იყიდა, ვიდრე გაყიდა. ამასთან, წლიურ ჭრილში იმპორტის ზრდა და ექსპორტის კლება ფიქსირდება.
ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია 577.9 მლნ დოლარით. წლის პირველ 5 თვეში იმპორტი 33%-ით გაიზარდა და საქართველოს მთლიან იმპორტში მისი წილი 9.4% იყო.
ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ასეთია:
· გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – $22.8 მლნ;
· ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი – $20.9 მლნ;
· სატვირთო ავტომობილები – $19.9 მლნ;
· მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისათვის – $19.5 მლნ;
· მსუბუქი ავტომობილები – $18.6 მლნ.