საქართველომ, შესაძლოა, სოფლის მეურნეობის სფეროში დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს – ევროკავშირის ოფისის წარმომადგენელი

შესაძლოა, საქართველომ სოფლის მეურნეობის სფეროში დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის წესებთან და ევროკავშირის „ფერმიდან – ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა განაცხადა.
„სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ მას საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ინტეგრირებისთვის მზადების პროცესში მეტი დაფინანსების მიღება შეუძლია. ზოგადად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები სოფლის მეურნეობის სფეროში მხარდაჭერას და შეღავათებს იღებენ, როგორც გაწევრიანების წინა დახმარების ნაწილს. ასე რომ, საქართველომ, შესაძლოა, დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის წესებთან და ევროკავშირის „ფერმიდან – ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან, რომელიც მწვანე შეთანხმების ფარგლებში შექმნილია, რომ სასურსათო სისტემები სამართლიანი, ჯანსაღი და მდგრადი გახდეს. საქართველოს ასევე შეუძლია ბაზარზე სასარგებლო წვდომა მოიპოვოს. ახალი რეგულაციების შესრულების დაჩქარება, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობის და ხარისხის მენეჯმენტის შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთაშორისო და ევროკავშირის ბაზრებზე წვდომას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა სენდროვიჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ