საქართველომ რუსულ „ინტერ-რაოსთან“ საერთაშორისო არბიტრაჟში სააპელაციო დავაც წააგო

საქართველომ რუსულ ენერგეტიკულ კომპანია „ინტერ-რაოსთან“ საერთაშორისო არბიტრაჟში სააპელაციო დავაც წააგო.
საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრმა (ICSID) არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის აპელაცია და შესაბამისად, ძალაში დარჩა გადაწყვეტილება, რომლითაც ქვეყანას „ინტერ-რაოსთვის“ 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
„ინტერ-რაო“ საქართველოში მოქმედი ენერგეტიკული კომპანია „თელასში“ აქციების 75%-ს ფლობს. საარბიტრაჟო დავა კომპანიამ 2017 წელს დაიწყო მთავრობის წინააღმდეგ. კერძოდ, არბიტრაჟში საჩივარი „ინტერ-რაოს“ ორი ჰოლანდიური შვილობილი კომპანიის, GARDABANI HOLDINGS B.V.-ის და SILK ROAD HOLDINGS B.V-ის სახელით იყო წარდგენილი.კომპანიას ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა სურდა და ითხოვდა 2014 წელს ტარიფების განსაზღვრისას „ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას“.
2022 წელს საერთაშორისო არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობას „ინტერ-რაოსთან“ 76 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. არბიტრაჟის განაჩენი საქართველოს მთავრობამ აპელაციაში გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, გადაწყვეტილება წლიურად პროცენტის დარიცხვასაც ითვალისწინებს და შესაბამისად, დღეისთვის „ინტერ-რაოსთვის“ გადასახდელი თანხა გაზრდილია და 76 მილიონზე მეტია.