საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის (CCAMTAC) მმართველი კომიტეტის შეხვედრას უმასპინძლეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მმართველი კომიტეტის წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე – CCAMTAC-ის დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი.
შეხვედრაზე შეაჯამეს ცენტრის საქმიანობა და განიხილეს მომავალი წლის სამუშაო პროგრამა. დისკუსიები გაიმართა რეგიონული ვორქშოფებისა და ფინანსური რესურსების საკითხებზე. ასევე იმსჯელეს იმ ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ცენტრის და მისი პარტნიორების მიერ მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობას. მისი თქმით, სსფ-ის ლიდერობა, ექსპერტიზა და გრძელვადიანი ერთგულება გადამწყვეტი იყო CCAMTAC-ის ჩამოყალიბებასა და მისი სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაში.
„სავალუტო ფონდის უწყვეტი მხარდაჭერა უზრუნველყოფს იმას, რომ CCAMTAC-ი რჩება რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ქვაკუთხედად, რაც ჩვენს ქვეყნებს საშუალებას აძლევს გააძლიერონ მაკროეკონომიკური მდგრადობა და იმოქმედონ რთულ და გამოწვევებით სავსე გლობალურ გარემოში“, – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული ბანკი სრულად იზიარებს ბაზრის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე ცოდნის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას ინიციატივით შეიქმნა საგანმანათლებლო სივრცის პროექტი – ცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში პროფესიონალების წახალისებას, ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და გაზიარებას. მისივე თქმით, ამ ინიციატივის ფარგლებში ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.
„ჩვენი თანამშრომლობა CCAMTAC-თან ფასდაუდებელია – ჩვენ ერთობლივად ვატარებთ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს რეგიონის ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებისათვის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ხანგრძლივ პარტნიორობას“, – აღნიშნა მიქაბაძემ.
CCAMTAC-ის დირექტორმა, ნორბერტ ფუნკემ ხაზი გაუსვა საქართველოსთან ოთხწლიან თანამშრომლობას. მან მადლობა გადაუხადა ქვეყანას, რადგან მისივე შეფასებით, საქართველომ რეგიონში ძალიან აქტიურად გააზიარა საკუთარი გამოცდილება მონეტარული პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. CCAMTAC-ის ტექნიკური დახმარება მოიცავდა ფისკალურ რისკებთან, საბანკო ზედამხედველობასთან, სტატისტიკასთან და მსგავს თემებთან დაკავშირებულ სფეროებს. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს მიერ რეგიონში საკუთარი გამოცდილებით აქტიურად გაზიარებამ. მადლიერი ვართ, რომ საქართველომ სხვა ქვეყნებს უმასპინძლა გამოცდილების გასაზიარებლად და იმის საჩვენებლად, როგორ ახორციელებენ მონეტარული პოლიტიკის გარკვეულ ასპექტებს. ასე რომ, დიდი მადლობა ჩვენს ქართველ კოლეგებს“, – განაცხადა CCAMTAC-ის დირექტორმა, ნორბერტ ფუნკემ.
როგორც სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალმა აღნიშნა, CCAMTAC-ი სსფ-ისთვის კავკასიის, ცენტრალური აზიის და მონღოლეთის რეგიონთან ჩართულობის მნიშვნელოვანი საყრდენია. შესაძლებლობების ამოქმედება კი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შექმნის ცენტრალური ბერკეტი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია CCAMTAC-ის ყველა პარტნიორის და წევრის შეხვედრა, მსჯელობა მიღწევებზე და სამომავლოდ მიზნების დასახვა.
“ცენტრის დაარსებისთანავე საქართველოს როლი მნიშვნელოვანი იყო და მან ლიდერის როლი იკისრა არა მხოლოდ საქმიანობაში მონაწილეობის მხრივ, არამედ უშუალოდ კოლეგებს შორის ღონისძიებებში, მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და CCAMTAC-ის დახმარებაში – შექმნას ნდობის და ღია დისკუსიის გარემო იმ სირთულეების ირგვლივ, რაც ყველა ქვეყანას ეხება. ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ დრო ნაყოფიერად გამოვიყენეთ და მჯერა, საქართველოს, როგორც ერთ-ერთი ლიდერის როლი CCAMTAC-ის ყველა აქტივობის და ურთიერთთანამშრომლობის წარმართვაში, წარმატებული წლის საწინდარი გახდება,“ – განაცხადა სუბირ ლალმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის პროფესიული განვითარების რეგიონული ცენტრი (CCAMTAC) წარმოადგენს სსფ-სა და ცხრა წევრი ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) ერთობლივ პროექტს. ცენტრმა მუშაობა 2021 წელს ალმათიში დაიწყო და ემსახურება რეგიონს, სადაც 100 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ცენტრის ძირითადი საქმიანობა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისკენაა მიმართული.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.