საქართველომ ეს შეძლო | 16-წლამდელთა ნაკრებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა

მისია შესრულებულია – საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ელიტარულ 16 ნაკრებში დარჩა და მომავალ წელსაც, ზედიზედ მესამედ, A დივიზიონში იასპარეზებს. საქართველომ ეს მოახერხა საკუთარ ქვეყანაში, ქართველი გულშემატკივრების თვალწინ და ეს ქართული კალათბურთის ისტორიის კიდევ ერთი, ახალი და საამაყო ფურცელია.
ჩვენი ქვეყანა პირველად მასპინძლობს ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს და იმიტომ არა, რომ ფიბა-სთან ერთად ფედერაცია ტურნირის ორგანიზატორია – ევრობასკეტი ორგანიზების მაღალი სტანდარტებით მიმდინარეობს და ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს გუნდების დაბინავება, სერვისი თუ თამაშების ტექნიკურ-ინტელექტუალური მომსახურება, ყველაფერი უშეცდომოდ და ფიბა-სგან მაღალი შეფასებით ხორციელდება.
ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანიზაცია შეფასებას მოგვიანებით, ტურნირის დასრულების შემდეგ დადებს, მანამდე კი ქართველებს ზეიმის საშუალება გვაქვს და ამის მიზეზი ჩვენი ნაკრების წარმატებაა. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ: ძალთა რეალური შეფასებით, არავინ ელოდა საქართველოს ჩემპიონობას, ანდაც პლეი ოფის სიღრმეში გასვლას. ჩვენი მიზანი თავიდანვე ელიტაში ადგილის შენარჩუნება იყო. საქართველოს ჯგუფში ჰყავდა ევროპული კალათბურთის მოწინავე ქვეყნების – ესპანეთის, სერბეთისა და გერმანიის ნაკრებები, რომლებთანაც დიდი სხვაობებით წააგო. თუმცა ესპანეთთან ტურნირის პირველ შეხვედრაში ჩატარებულმა ძლიერმა პირველმა ნახევარმა იმედი ჩაგვისახა, რომ მიზნის მიღწევა რეალური იყო.
ჯგუფური ეტაპის მეორე და მესამე შეხვედრებში, განსაკუთრებით კი პლეი ოფის პირველ რაუნდში ლატვიასთან, ჩვენი ნაკრები დიდი სხვაობებით დამარცხდა და არაერთი ქომაგი თუ ვაიქომაგი კრიტიკულად განიმსჭვალა. ნიკა ბურჯანაძის, ბექა ბექაიასა და გიორგი გოგალაძის შრომამ და ვარჯიშებმა ნაყოფი მაშინვე გამოიღო, როცა საქართველო ჯგუფში დასარჩენ საკვალიფიკაციო ეტაპში გადაერთო და პირველივე შანსი, რითაც ერთი მოგებით ელიტაში დარჩენას მოახერხებდა, გამოიყენა.
ეს მოხდა ისრაელთან მატჩში, რომელიც 9-16 ადგილებისთვის დაწყებული საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა გახლდათ. შეგახსენებთ ფორმატს: ტურნირში მონაწილე 16 ნაკრები პლეი ოფში (მერვედფინალში) წყვილდება, თუმცა მანამდე ჯგუფურ ეტაპს თამაშობს და დაკავებული ადგილების შესაბამისად ხდება ნაკრებების საპლეიოფო ბადეში დაწყვილება. ანუ ძლიერები სუსტებს ხვდებიან, რათა რეალური ფავორიტები თავიდანვე ერთმანეთს არ შეეჩეხონ და პლეი ოფის საინტერესო დასკვნითი თამაშები მივიღოთ.
ამიტომაც იყო, ჯგუფში 3 წაგების შემდეგ საქართველო მერვედფინალში პარალელურ ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ ლატვიის ნაკრებს რომ შეხვდა. ჩვენები ლატვიელებს ამ ზაფხულს, მოსამზადებელ ციკლში ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ დიდი სხვაობით წააგეს. ბალტიისპირელები ტურნირის ფავორიტები არიან და საქართველოსაც დამსახურებულად – ისევ დიდი სხვაობით მოუგეს.
მერვედფინალში გამარჯვებულმა გუნდებმა – საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ, ლიეტუვამ, სერბეთმა, თურქეთმა, სლოვენიამ და ლატვიამ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გააგრძელეს, წაგებულები კი 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვნენ. საკვალიფიკაციოს მიზანი გუნდების სიძლიერის მიხედვით განაწილება გახლავთ, რადგან ტურნირის ბოლო 3 ადგილზე გასული გუნდი ელიტას დატოვებს და მომავალ წელს B დივიზიონში იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრებმა A დივიზიონის საგზური 2 წლის წინ, რუმინეთში გამართულ B დივიზიონში მოიპოვა. მაშინ მესამე ადგილისთვის მატჩში ქართველებმა მასპინძელი რუმინეთი დაამარცხეს და მომდევნო – 2024 წელს საბერძნეთში გამართულ A დივიზიონში იასპარეზეს. საქართველომ შარშანდელ ტურნირშიც წააგო ჯგუფის სამივე თამაშიც და მერვედფინალიც, რის შემდეგაც 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო. ქართველებმა საკვალიფიკაციოს პირველი შეხვედრა ფინეთთან დაძაბულ ბროძლაში 75:78 დათმეს და გავარდნის ზღვარზე აღმოჩნდნენ – მე-13 ადგილის დასაკავებლად, რომლის უკანაც სამივე გუნდი B დივიზიონში ვარდებოდა, დარჩენილი ორივე მატჩის მოგება იყო საჭირო. ჩვენმა ნაკრებმა ხორვატიაც (90:81) დაამარცხა და პოლონეთიც (75:57), რისი წყალობითაც ელიტაში დარჩა.
წლეულს კი საქართველო 16-წლამდელთა ევრობასკეტს მასპინძლობს და მიზანი შარშანდელზე ადრიანად, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე მატჩში შესრულდა. საქართველოს ნაკრებმა ისრაელს თითქმის უიმედო შეხვედრა შემოუტრიალა, რომელსაც თავიდან დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩამორჩა და რომ არა, ბოლო წუთებზე გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობა, ისევ შარშანდელ ვითარებაში აღმოვჩდნებოდით: დარჩენილი 2 შეხვედრის აუცილებლად მოგება იქნებოდა საჭირო ელიტაში დასარჩენი უკანასკნელი, მე-13 ადგილის დასაკავებლად.
საქართველომ ეს შეძლო, ბიჭებმა ეს მოახერხეს და ქომაგები, ქართული კალათბურთის რეალური გულშემატკივრები გაახარეს. ახლა საქართველო ტურნირზე მე-9 ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს და მორიგ მატჩში საბერძნეთს ხვდება. მე-9 ადგილისთვის ბრძოლის პარალელურ ბადეში ერთმანეთს რუმინეთი და გერმანია ხვდებიან. ჩვენი ბიჭები მაქსიმუმისთვის იბრძოლებენ, თუმცა რომელი ადგილიც არ უნდა დაიკავონ, მე-9 თუ მე-12, მისია შესრულებულია. რაც შეეხება ტურნირის საორგანიზაციო მხარეს, ფიბა დასკვნას ტურნირის დასრულების შემდეგ დადებს და დარწმუნებულები ვართ, შედეგი ამ კუთხითაც დადებითი იქნება.
GBF.GE
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ს სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა ამჯერად 10 ქულით დაამარცხა
U16. ქართველმა კალათბურთელებმა საერთაშორისო ტურნირი ჩერნოგორიის განადგურებით დაიწყეს
საქართველოს U16 ნაკრებმა ლატვიაში უკრაინა 95:80 დაამარცხა
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა