საქართველომ აპელაცია წააგო – ბიუჯეტმა რუსულ Inter Rao-ს $76-მილიონიანი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან – Inter Rao-სთან $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო.
მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრის (ICSID) ვებგვერდის თანახმად, 2025 წლის 21 აგვისტოს აპელაციის განმხილველმა ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა საქართველოს აპელაცია და ძალაში დატოვა პირველადი გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის 27 ოქტომბერს იქნა გამოტანილი. განაჩენის თანახმად, საქართველომ მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის რუსულ ენერგოკომპანია Inter Rao-ს 76 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.
საქმე უკავშირდება ორ საარბიტრაჟო დავას, რომლებიც Inter Rao-ს შვილობილმა კომპანიებმა საქართველოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2017 წელს წამოიწყეს. ამ დავებში მოთხოვნილი კომპენსაცია 200 მილიონ დოლარს შეადგენდა. პირველ დავას განიხილავდა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალი, ხოლო მეორეს მსოფლიო ბანკთან არსებული საერთაშორისო საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ტრიბუნალი. სტოკჰოლმის ტრიბუნალმა საქმეზე განაჩენი 2022 წლის 9 სექტემბერს მიიღო და საქართველოს Inter Rao-ს მიმართ 112 მილიონი დოლარის კომპენსაცია დააკისრა. ხოლო მეორე განაჩენი კი ICSID-მა 2022 წლის 27 ოქტომბერს მიიღო და საქართველოს Inter Rao-სთვის 76 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, იმ დათქმით რომ ეს განაჩენი შედის 112 მილიონიანი განაჩენის შემადგენლობაში. ქართულმა მხარემ ორივე განაჩენი გაასაჩივრა შესაბამის აპელაციაში, თუმცა როგორც ირკვევა 2025 წლის 21 აგვისტოს ICSID-ის აპელაციამ საქართველოს მოთხოვნა კომპენსაციის ნაწილობრივ ანულირებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალის აპელაციას კი ჯერჯერობით შესაბამისი გადაწყვეტილება 112-მილიონიანი განაჩენის თაობაზე მიღებული არ აქვს, თუმცა არსებული მდგომარეობით ICSID-ის აპლეაციაში საქართველომ 76 მილიონი დოლარი წააგო.