საქართველოზე ჰელსინკის კომისიაში მოსმენა იწყება

შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელსაც უმეტესად ჰელსინკის კომისიის სახელით იცნობენ, საქართველოს საკითხზე განხილვას რამდენიმე წუთში დაიწყებს. მოსმენა სახელწოდებით – “საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა” – ვაშინგტონში, 4 ივნისს იმართება.
“ამერიკის ხმა” სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, განახლებულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.
კონგრესის ჰელსინკის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოში შექმნილ ვითარებაზეა საუბარია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ახლახან, რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ანტიდასავლური კურსის შეცვლის და ამასთან ერთად, რუსეთთან, თუ სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი, დაკავშირების ღია დეკლარაციას წარმოადგენს. სამი ათწლეულის განმავლობაში გატარებული პროდასავლური, დემოკრატიზაციისკენ მიმართული და ევროატლანტიკური სტრატეგიული დღის წესრიგის შემდეგ, საქართველოს მთავრობა აშკარად და ძალადობრივად არღვევს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ რწმენას, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონებისა და პოლიტიკის უხეში წესით მიღებაში. „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ვექტორის ამ სტრატეგიულმა ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კვირების განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და [ამ ქმედებით ასევე] არღვევს ქვეყნის ისედაც მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს.
ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკვე ნათლად განაცხადეს, რომ ამგვარი კანონმდებლობის სრულად ამოქმედება ხელს შეუშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს. და შედეგად, ევროპარლამენტმაც მიანიშნა, რომ გარკვეული პრივილეგიები, რომლებითაც საქართველო ევროკავშირისგან სარგებლობს, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს.
შეერთებულ შტატებში, კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ და მხარს დაუჭერენ ქართველი ხალხის უზარმაზარ და დიდი ხნის დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, მათ შორის – პოტენციურად, ინდივიდუალური ვიზების აკრძალვის, ფინანსური სანქციების, დახმარების პაკეტების გადახედვისა და სხვა ზომების მეშვეობით. აშკარაა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება დემოკრატიის მომხრე და პროდასავლურ მოსახლეობას, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მოსკოვისკენ ექაჩება და მზადაა ამ გზაზე ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენოს”.
ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ მოსმენაზე დაბარებულები ისაუბრებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ე.წ “უცხოეთის აგენტების” კანონის ზემოქმედებაზე ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით და ამ ყველაფერზე შეერთებული შტატების შესაძლო პოლიტიკურ რეაგირებაზე.
მოწმეების სახით, ჰელსინკის კომიტეტში დღეს მოუსმენენ: ვანო ჩხიკვაძეს – სამოქალაქო საზოგადოების ფონდში ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ნატალი საბანაძეს – კონსულტანტს საქართველოს საკითხებში ევროპის დემოკრატიის ფონდში, “ჩათამ ჰაუსის” უფროს მკვლევარს და ასევე უილიამ კორტნის, შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს საქართველოში, რომელიც ახლა “კორპორაცია რანდში” უფროსი მკვლევარია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე